საჩვიდმეტმაისო ეპისტოლე

სიახლეთა პაროდია

17 მაისის წინა კვირას პატრიარქმა წირვა აღავლინა, ხოლო საჩვიდმეტმაისო ეპისტოლე ქორეპისკოპოსმა იაკობმა წაიკითხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

ზეიმობს ანგელოზთა დასი.

გუგუნებენ ეკლესიის ზარები.

ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო საპატრიარქოსთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა. მისი სწავლებების ათვისება.

ერთი წელიწადი ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, ფიზიკურ ვარჯიშს, რათა მომზადებულნი ვზიარებოდით ამ დღესასწაულს, რომლის სადიდებლად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 2013 წლის 17 მაისს გახდა.

გარდა იმისა, რომ ეკლესიამ ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა.

რა თქმა უნდა, გარყვნილი, უწესო ადამიანიც ადამიანია. სამწუხაროდ, მათ აირჩიეს კაენის გზა, მათ აირჩიეს ჯოჯოხეთი. ამიტომაც მათ მიეზღვებათ საკადრისი. ბუნებრივია, ის ტკივილი, რაც მათ მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე. ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას.
თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასობრივად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ. ჰომოსექსუალები მათი არსებობის გამჟღავნებასაც ვერ ბედავდნენ.

თანამედროვეობას კი სურს, მოსპოს ცნება „ცოდვა". მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად „,ბოჭავს" ადამიანს და „,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. ჩვენ, ეკლესიამ კი, ცოდვის განცდა უნდა გავაძლიეროთ. ამიტომაც ჩვენ 17 მაისს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ვანახებთ ხალხს, თუ რა არის ეს ცოდვა.

„ვაი იმ კაცს, ვინც კაცს სარეცელს გაუყოფს, მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ" (ბოტკოველი. 18,6, 18,7), – ბრძანებს პატრიარქი.

მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ამიტომაც მრევლი უნდა დაირაზმოს და ერთად ვუწამლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცოდვაში არიან და ცუდ მაგალითს აძლევენ მომავალ მართლმადიდებლებს. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო! ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, დათმენა და სისუსტე.

დიახ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირსებას, ჩვენ არ ვძალადობთ ამ ადამიანებზე, არამედ ვიცავთ თავს მათგან, ვეუბნებით სიმართლეს და არ ვიჩენთ სისუსტეს.

შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს, განსარყვნელად იმეტებდნენ, ან თუნდაც არატრადიციულად ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო.

პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ტრადიციულ ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდა მართლმადიდებლის ფორმირებაში.

სხვაგვარად ახალგაზრდა ირყვნება, უსუსური ხდება, არ აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც.
მართალია, ლგბტ ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და 17 მაისს გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს, ... როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.

მოვუწოდებთ ყველა მართლმადიდებელს, გამოვიდეს 17 მაისს რუსთაველის გამზირზე, დაიცვას სარწმუნოება და ადათი. თითოეულმა თან იქონიოს თითო გარყვნილების ამსახველი ფოტოსურათი, ვანახოთ ბავშვებს, მოხუცებს, ერსა და ბერს, თუ რაოდენ ამაზრზენია ის, რის პროპაგანდასაც ეწევიან მავანნი.

მაშ, რომელნი ხართ კეთილმსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა ჩვიდმეტისა მაისისასა; რომელი არს მონაჲ ეკლესიისა კეთილგონიერი და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა..., რამეთუ ფეხზე დადგა მრევლი საბრძოლველად და დაამხო ჯოჯოხეთი; აღსდგა ეკლესია და დაეცნეს გარყვნილნი; არცაღა ერთი მამათმავალი არს ქვეყანასა შინა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"

კომენტარები