ირმა და ალექსანდრე

სიახლეთა პაროდია

2014 წლის 7 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა: „დიახ, არის ასეთი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს".

მართლაც, რამდენიმე დღით ადრე იგივე ინფორმაცია გაზეთ ასავალ-დასავალში მუსირებდა. კერძოდ კი, ირმა ინაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში.

შსს მინისტრის ინფორმაციის უტყუარობაში რომ დავრწმუნდეთ, შედარებისთვის გადავხედოთ ორივე ინტერვიუში არსებულ ძირითად მომენტებს:

ი. ინაშვილი: „ასევე სპორტულ დარბაზებში, გლდანსა და მოსკოვის გამზირზე ინტენსიურად ავარჯიშებენ და ამზადებენ ზონდერსპორტსმენებს".

ა. ჭიკაიძე: „მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს".

ი. ინაშვილი: „ქვეყანაში აპირებენ ძალიან ბევრი კოცონის დანთებას! ძველი საბურავები იყიდეს, ბლომად აქვთ მოგროვებული ერთ ადგილას და ვიცი, ის ადგილი სადაც არის!"

ა.ჭიკაიძე: „არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც".

ასევე, ორივემ ისაუბრა ევრომაიდნის სცენარზე.

ერთი შეხედვით, ბატონი მინისტრის ნათქვამი, რომ მას აქვს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მედიაში მუსირებს, სრული სიმართლეა, რადგან ჭიკაიძის საუბარი წყაროს შინაარსის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ შსს მინისტრი ხალხს შეჰპირდა, რომ ის მთელ ძალაუფლებას გამოიყენებდა, რათა მკაცრად დაესაჯა არეულობის ყველა მოსურნე.

მიუხედავად ამისა, ჭიკაიძის ინტერვიუს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა – როგორც ფორმაზე, ასევე შინაარსზეც.

ფორმას რაც შეეხება, მინისტრის არაკეთილმოსურნეები წერდნენ, რომ მან უბრალოდ გაიმეორა ის, რაც ქალბატონმა ირმამ თქვა, ზოგი კი იმასაც აღნიშნავდა, რომ ჭიკაიძე ამდენს ვერ ისაუბრებდა და უბრალოდ ჟურნალისტმა სხვა სიტყვებით ააწყო ინაშვილის ინტერვიუ და დაბეჭდა. საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, კითხვით მივმართეთ მედიასაკითხებში კომპეტენტურ პირებს.

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის აზრით, ინტერვიუები იდენტური არაა და მათ სხვადასხვა წყაროც კი უდევთ საფუძვლად: „ირმა ინაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნაციონალური მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს მეუფეების ცემას და წირვების ჩაშლას. ხოლო შსს მინისტრი ამ საკითხს საერთოდ არ ეხება, აქ კარგად ჩანს მისი კომპეტენტურობა და მეტ ინფორმაციაზე წვდომა, შსს მინისტრს უკეთ მოეხსენება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას ნაციონალები ვერ გაბედავენ".

ჟურნალისტი ლილუ მიროტაძე: „სისულელეა იმის მტკიცება, რომ შსს მინისტრმა იგივე თქვა, რაც ინაშვილმა. მაგალითად, ირმა ახსენებს „ნაცზონდერებს", თანაც აკონკრეტებს, რომ მათ გლდანის და ისნის სპორტდარბაზებში ამზადებენ, ხოლო ჭიკაიძე ახსენებს „აქტივისტებს", რომელთა ინსტრუქტორებიც უკრაინიდან ჩამოჰყავთ, ხოლო თუ რომელ სპორტულ დარბაზებში ამზადებენ მათ, ბატონი მინისტრი საერთოდ ვერ აკონკრეტებს".

ამავე კითხვაზე შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ნახევრადხუმრობით გვიპასუხა, რომ ინტერვიუების იდენტურობაზე სერიოზული მსჯელობა წარმოუდგენელია, რომ მარტო „ინფორმაციის მუსირებაც" კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ინტერვიუში ნათქვამი ეს სიტყვები ბატონ ალექსანდრეს ეკუთვნის, რის დამადასტურებლადაც წინა ინტერვიუების გადახედვაც კი კმარა.

აგრეთვე დიდი გამოხმაურება ჰქონდა ინტერვიუს შინაარსსაც. ნაციონალურმა მოძრაობამ ე.წ. მოსალოდნელი დესტაბილიზაციისთვის მზადება აბსურდად ჩათვალა და ნახევრადირონიული განცხადებები გააკეთა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, სერიოზულად არ მიიჩნევს. „ეს განცხადება სერიოზულად არ მიმაჩნია. აბსოლუტურად ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. არასწორად მიმაჩნია საუბარი იმაზე, რომ დღეს რომელიმე ძალას დესტაბილიზაციის მოწყობა შეუძლია. ჯერ ერთი, ამის რესურსი საქართველოში არ არსებობს. ევრომაიდანი ადამიანურ რესურსს საჭიროებს, რომელიც საქართველოში არ არსებობს. მინდა ვურჩიო შინაგან საქმეთა მინისტრს – თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ ან რაიმე ნიშნებს ხედავენ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, ამაზე არ ლაპარაკობენ, რადგან ეს ხელისუფლების სისუსტეს აჩვენებს. ამ შემთხვევაში განცხადებებს არ აკეთებენ, ამ შემთხვევაში მოქმედებენ", – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ხოლო კოალიცია ქართული ოცნების წევრის თინათინ ხიდაშელის აზრით, საჭიროა მთავრობამ გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება: „ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობას არ ექნება კარგი ზრახვები და ასევე ბუნებრივია, რომ შსს მინისტრი ამ ინტერვიუთი უბრალოდ ახდენს პრევენციას და აფრთხილებს ყველა დესტაბილიზაციის მოსურნეს, რომ უმკაცრესად იქნება დასჯილი, რაც პრინციპში პრემიერმინისტრმაც დაადასტურა".

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლის სესიაშვილის აზრით, სამინისტრომ და მინისტრის დაუყოვნებელმა რეაგირებამ გადააფიქრებინა ნაციონალურ მოძრაობას არეულობის დაწყება და, შესაბამისად, გადაარჩინა დაჭერასაც. „ამის შემდეგ რომ ვინმე პოლიტიკური მოტივით დაჭერაზე ამოიღებს ხმას, მე პირადად სერიოზულად ვეღარ დაველაპარაკები", – დასძინა სესიაშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახაბერ კალაძემ ინტერვიუს იმ მონაკვეთზე გაამახვილა ყურადღება, სადაც შსს მინისტრი საუბრობდა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადამიანის უფლებები 200-300% არის დაცული. კალაძის აზრით, ეს თავმდაბალი შეფასებაა, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვა 400%-მდე გაიზარდა.

კომენტარები