რელიგიური უმცირესობების შვიდი სტრატეგიული შეცდომა

0 კომენტარი

რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის რამდენიმე გულწრფელი რჩევის გაზიარება მსურს. ამას იმიტომ ვბედავ, რომ თავადაც უმცირესობას წარმოვადგენ.

არ დაუშვათ ის შეცდომა, რა შეცდომასაც კარტერის ხელისუფლება უშვებდა ცივი ომის პერიოდში. როცა შენს მოწინააღმდეგეს ხელთ უპყრია შენი განადგურების იარაღი, მშვიდობის გარანტია თქვენს დემილიტარიზებაზე კი არა, მილიტარიზებაზე გადის. სანამ პრეზიდენტ რეიგანის ამ ჭეშმარიტებას არ გაითვალისწინებთ, იქამდე საპატრიარქოს ქალბატონი გრომიკო თქვენს ზარს კიდევ ერთი "ნეტ!"-ით უპასუხებს:

  1. არასდროს ესაუბროთ საპატრიარქოს სუსტის პოზიციიდან - საპატრიარქოში არ იციან რა არის ემპათია, მათ არ უყვართ სუსტები - თავს ვერ შეაცოდებთ. სახარების მუხლების ციტირებითაც ნუ მოიღლით პირს, - ღვთის სახელის ამაოდ მოღება ცოდვაც რომ არ იყოს, საპატრიარქოსა და სახარების ურთიერთობა კითხვაში კი არ გამოიხატება - კოცნაშია ამოწურული. მერე რა, რომ გულზე ჯვარზე მილურსმული ღმერთის გამოსახულება ჰკიდიათ. იმუშავეთ პოზიციების გაძლიერებაზე და არასდროს მიანდოთ მათ კეთილ ნებას არაფერი. საპატრიარქო კარგ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კუთხიდან. სანამ მას ამ ადგილს არ მიუჩენთ, ანუ კუთხეში არ მიამწყვდევთ, არაფერი შეიცვლება. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კარგი კოალიცია, ერთმანეთთან ურთიერთობების გაღრმავებით, თუ არ დაუწყებთ ძებნას სასწაულს, რომელიც მოგეხსენებათ ბოროტ და მრუშ მოდგმას არ მიეცემა.
  2. არასდროს დასთანხმდეთ მათთან თანამშრომლობას, არასდროს მოაწეროთ ხელი მათთან არც ერთ დოკუმენტს, იქამდე სანამ თქვენ არ იქნებით თანასწორ პოზიციებზე - ორგანიზაციას, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა და სახელმწიფოზე უზარმაზარი გავლენა აქვს, უსუსური უმცირესობების კონგლომერატის ხელმოწერა სჭირდება ერთადერთი მიზეზით, - საკუთარ კუბოზე ლურსმნის დასაჭედებლად და შესაბამისად, ცივილიზებული მსოფლიოსგან დარტყმის შემნელებლად. ნუ იქნებით მათი ქოთნის ოქრო-ვერცხლით მოჭედილი სახურავი, ეს არც მომგებიანია და არც ჰიგიენური. თვითმკვლელობა კი, საერთოდ, ცოდვაა.
  3. არასდროს ენდოთ საპატრიარქოს არც ერთი კლერიკალის მოცემულ არც ერთ ინფორმაციას, სანამ მას რამდენიმე წყარო არ დაგიდასტურებთ - ერთმანეთის მიმართ ზიზღი ამ ორგანიზაციაში ისე ღრმად არის გამჯდარი, თუ ერთი იერარქი მეორეს ლანძღავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ სახარების შუქზე დემონებს განიკითხავს და მზად არის ეკლესიის გასაჯანსაღებლად კონკრეტული ნაბიჯი გადადგას. გაითვალისწინეთ, იქ სადაც მმკ-ს დასჯას არავინ ითხოვს, არსებობს მხოლოდ ორი უკუჩვენება - ბნელი და უკუნი. ნუ დაუწყებთ ძებნას ცოცხლებს, მკვდრებს შორის. აუცილებელი არ არის, ეს მაინცდამაინც ანგელოსმა გითხრათ.
  4. არ არსებობენ უმცირესობათა მეგობარი მართლმადიდებელი სასულიერო პირები - არსებობენ კეთილგანწყობილი კომფორმისტები, რომელთაც თქვენი მხარდაჭერისთვის არასდროს ეყოფათ გამბედაობა. რამდენიმე მღვდლის კეთილი სიტყვაზე შექმნილი ილუზიები იმედს გაგიცრუებთ, რა წამსაც, რომელიმე ჟურნალისტი თქვენს ორთოდოქს მეგობარ მღვდლებს კითხვას დაუსვამს თქვენ შესახებ. არ უპასუხოთ ზარს, სადაც თქვენ ყურებს ყალბი ახსნა-განმარტებებით გამოტენიან.
  5. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ რაღაც საკითხებზე, მაგალითად ბიოეთიკაში, მათთან თანამშრომლობა ღირს, აუცილებლად უნდა გაიხსენოთ, რომ მათ თავში არსებულ ჯოჯოხეთში, ანუ ყველაზე ცუდ ადგილას, ყველაზე უდანაშაულო არსებები იტანჯებიან. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათი ძალაუფლებისა და ქონების ზრდის პარალელურად, აბორტის რიცხოვნობა მხოლოდ იზრდებოდა - რადგან გაჭირვებულ დედათა ნაცვლად, ისინი "მთაში სიარულისთვის" პრადოებს ყიდულობდნენ.
  6. არასდროს დაუთმოთ მათ ნაციონალური ნარატივი - თქვენ არ ხართ და ვერ იქნებით ზაგორსკში გამოზრდილი საბჭოთა ნომენკლატურის სტუმრები ან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები იმ ქვეყანაში, სადაც დავით აღმაშენებელი დღემდე ყველაზე დიდ მეფედ მიაჩნიათ. თუ არ გსურთ პრესა თქვენთან მხოლოდ "გასვენებასა და ქორწილში" მოდიოდეს - რამე ისეთი ქენით, გასაშუქებელი რომ იყოს. ამას თქვენ მაგიერ ჟურნალისტი ვერ მოიფიქრებს.
  7. ვფიქრობ, ღირს დაისვენოთ ქალბატონ შორენასთან ურთიერთობისგან.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები