პროვინციალიზმის ორი მხარე

0 კომენტარი

დიმა ობოლაძემ 18 ივლისის სხვა შუადღეში რუსეთის მოსახლეობას ღორები უწოდა და სტუდიაში „რუსული სიტყვის არგაგონება“ მოითხოვა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბარს მოჰყვა. ობოლაძე ამ დროს აშკარად ემოციურ ტალღაზე იყო. გამონათქვამმა, ცხადია, გამოიწვია აღტაცებული და აღშფოთებული რეაქციების მთელი სპექტრი: „ჯიგარი ხარ, დიმა, შენ გენაცვალე, ნაღდი ქართველი“-დან, „ეს რასიზმის უპრეცედენტო გამოვლინებაა, რის შემდეგაც რუსთავი ორის მთელმა კოლექტივმა საჯარო ხარაკირი უნდა ჩაიტაროსა“-მდე. ციტირებები, ცხადია, არაა ზუსტი, მაგრამ განწყობებს გამოხატავს.

ობოლაძის გამონათქვამი ნამდვილად არაკორექტულია და შეურაცხმყოფელია ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის შესაძლოა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსებისთვისაც. წამყვანი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. თუმცა მის მიერ დასახელებული ემოციური ფონი გასაგებია: რუსეთიდან „მპოსტავთა“ მასობრივად ფაშისტური და იმპერიალისტური კომენტარები, რუსეთის ბინძური პროპაგანდა და დაუფარავად იმპერიალისტური პოლიტიკა. ამას ემატება საქართველოში სხვადასხვა სახის „რუსეთუმეობის“ სრულიად უდროო აღზევება: საუბრები ერთმორწმუნეობაზე, უფროს ძმაზე, იმაზე რომ რუსეთმა საქართველო დაპყრობით გადაარჩინა და ბომბებით ლოცავს. წითელი ინტელიგენცია ისეთ „ხოდზეა“, რომ უსმენ, მისამღერად „მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“ ჩაგესმის. რობიკოს გამოსხივებაში ბოღმის ფლუიდებს ბრეჟნევისდროინდელი ნეტარების კვანტები შეერია.

და მაინც, რუსების სწორხაზოვანი ლანძღვა, საბჭოთადროინდელი "ლოთი ვანიადან" დღევანდელ "რუს ღორებამდე", თავისთავად არაფრის მომცემი, უსუსური და ხშირად პროვინციული პოზიციაა. ასეთი ლანძღვა ზევით აღწერილი რუსეთუმეობის გამოვლინებების ანარეკლია და მეტი არაფერი. ისევ რუსეთი თუ გამოიყენებს ანტიქართული პროპაგანდისთვის, აგერ ბანდეროფაშიზმი და რუსოფობია ყვავისო.

თუმცა ობოლაძემ გამახსენა სხვა რამეც, და შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანიც. გამახსენა, რომ საქართველოში ათწლეულებია ხან ლანძღავენ, ხანაც ადიდებენ რუსებს, მაგრამ კულტურულად, ინფორმაციულად სადღაც ჩერნენკოსა და გორბაჩოვის ზღვარზე ვართ ჩარჩენილები. გამახსენა ჩემი მეგობრები, რომლებმაც შეიძლება სამზარეულოში თხუთმეტ წუთში დაგიხაზონ რუსეთის დაშლის დეტალური გეგმა, მაგრამ თაროზე მხოლოდ რუსულად ნათარგმნი ფილმები უდევთ. გამახსენა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც ფრანგული ახალი ტალღის თუ ჰოლივუდის ოქროს ხანის შედევრების ყურება მხოლოდ რუსულად წარმოედგინათ. გამახსენა ინტელექტუალი ერუდიტები, რომლებიც თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურასაც კი დღემდე მხოლოდ რუსული ონლაინ-ბიბლიოთეკებიდან კითხულობენ. გამახსენა დარბაისელი პატრიოტები, რომლებიც დასავლურ ხედვას ბიბისის რუსული რედაქციის საიტიდან ეცნობიან.

დიდი ამბავი: ადამიანებმა რუსული იციან უკეთ და რა უჭირს რომ ინფორმაციასაც რუსულად იღებენ. მაგრამ ოცდასამწლიანი დამოუკიდებლობის ფონზე ეს სიტუაცია ხდება სიმბოლო: უმოქმედობის, უინიციატივობის, არარაციონალურობის, ზედაპირულობის, ცარიელი ლაპარაკის, რაც თანამედროვე საქართველოს ერთერთი წყევლაა. ხდება სიმბოლო სურვილებს, დეკლარირებულ შეხედულებებსა და მოქმედებებს შორის არსებული წყვეტისა, დანარჩენი მსოფლიოსგან დაუძლეველი მოწყვეტილობის ნიშანი.

თუ კი პუტინსა და სხვა რუს იმპერიალისტებს რამის ეშინიათ, ეს არის საქართველოსა და ქართველების გლობალურ სივრცეში ინტეგრირება, ყველაფერ რუსულზე დამოკიდებულების შემცირება. მოველურო ჯიგიტების აგრესიული გამოხტომები დაცინვის სურვილის გარდა მათში ვერანაირ ემოციებს ვერ გამოიწვევს. პატრიოტები, რომლებსაც არ ჰყოფნით მოტივაცია რომ ერთხელ გამოურთონ საყვარელ ფილმს რუსული თარგმანი, დამოუკიდებლობის დასაცავად მუდამ მხოლოდ გეოპოლიტიკური სიტუაციის იმედად იქნებიან. რეალური დამოუკიდებლობა, ბედნიერებისა არ იყოს, გონებაშია.

სამწუხაროდ ბევრი რამის გამეორება გვიწევს, მაგრამ პრობლემებზე საუბარი ერთადერთი შესაძლებლობაა სიტუაცია შეცვალო, თუ სტალინის „რკინის ხელის“ — არადა, „ფოლადის ხელი“ უფრო სწორი იქნებოდა — და ღმერთის რანგში აყვანილი ავტორიტეტების იმედად არ ხარ. „ინგლისური და კომპიუტერიც“ საქართველოში გაცვეთილი ფრაზა გახდა, რომელიც უნებლიე გაღიზიანებას იწვევს იმათშიც კი, ვისაც არც ინგლისურის საწინააღმდეგო აქვს რამე და არც კომპიუტერის. თუმცა მე მომიწევს ვიყო გამაღიზიანებელი და გავიმეორო, რომ საერთაშორისო ენის სწავლა არის ყველაზე მარტივი და აუცილებელი, რაც წესით დამოუკიდებლობის ოცდასამ წელიწადში მავანთ უნდა შესძლებოდათ. აქტიური პუტინმოძულეების სიმრავლე, რომლებიც ამ მარტივი მინიმუმის შესრულებასაც კი ვერ ახერხებენ — მეტიც, არ ცდილობენ — სიმპტომატურია. ჯიგიტიზმი, სადღეგრძელოიზმი, მჯიღისცემიზმი საქართველოში დღემდე ბევრად ძლიერია, ვიდრე დამოუკიდებლობის გასამყარებლად საჭირო რეალური მოქმედებების ხედვა და უნარი. წარმოუდგენელია დიდი საზოგადოებრივი საქმეები გააკეთონ ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებაში უმარტივესი ნაბიჯების გადასადგმელად არ ყოფნით ძალა.

ობოლაძის გამონათქვამი კი კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ ვერ მაკვირვებს, თუნდაც იმიტომ რომ თითქმის მთელი ქართული მედია ქსენოფობიის, აგრესიისა და სიცრუის სათბურია. თანაც ქსენოფობიის დიდი ნაწილი იმათ მიმართ არის მიმართული, ვისაც საქართველოსთვის არაფერი დაუშავებია, არც წარსულში და არც მითუმეტეს ბოლო წლებში. რუსეთიდან იმპორტირებული ბოდვების გავლენით, პირველი შეხედვით მშვიდმა და დალაგებულმა ადამიანმა უცებ შეიძლება გაგილანძღოთ, მაგალითად, ისლანდიელები, რადგანაც „ისლანდია ხომ პედოფილიისა და ინცესტის ბუდეა“. დიდი ალბათობით, ამ ადამიანს არათუ ცოცხალი ისლანდიელი, ტელევიზორში ბიორკიც არ ეყოლება ნანახი. გაწიე-გამოწიე, გუდიონსენი ჰყავდეს ნანახი ობოლაძის წაყვანილ ჩელსის თამაშებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები