განტევების პიროვნება

0 კომენტარი

ყველაზე ცუდი, რაც ახლა შეიძლება მოხდეს, არის გათავხედებულ კრიმინალზე პასუხისმგებლობის მთლიანად მინისტრ ჭიკაიძეზე აკიდება. ჭიკაიძის ტერმინოლოგიით, უპრიანზე უპრიანი იქნებოდა. არავითარი „არაკომპეტენტური მინისტრი“, „დალაგებულად ვერ ლაპარაკობს“, „რა ნიშნები ჰქონდა სკოლაში“ არ პასუხობს იმ პრობლემებს, რის წინაშეც ვდგავართ უკვე ოდნავ შეშინებულები და ცალი თვალით ცივი იარაღის დახლისკენ ვიხედებით.

დაულაგებლად მოლაპარაკე ჭიკაიძე შეიძლება დალაგებულად მოლაპარაკე იზორიამ შეცვალოს, — რეზო ამაშუკელის სტილში თუ გადავაბამთ, ქალამანა ინფუზორიამაც — შეიძლება შემცვლელი უფრო ქმედითიც აღმოჩნდეს და საქმეების ასი პროცენტის მაგივრად ასორმოცდაერთიც გახსნას. მაგრამ ზვიგენის თავი მაინც აყროლებული დარჩება.

ზვიგენის თავი ჭიკაიძის ბოსტანში არაა ჩამარხული, და ბოსტანიც ბოსტანი კი არა, იდეოლოგიაა. კარგად ნაცნობი, ბინძური, უკუღმართი და იმდენად ფესვებგადგმული, რომ უკვე თითქმის ხელშესახები გეჩვენება — აი, ძველი ქალაქის ცხელ ქუჩებში სეირნობისას ტენიან დახუთულობაში რომ შეიძლება იგრძნო და ჩაეხუტო, როგორც „კარენოი თბილისელს“.

შემთხვევით არ ვამბობ იდეოლოგიას და არა მენტალობას: მენტალობა მაინც უფრო დამორჩილებადი რამეა, რიგითი ადამიანების დონეზე მცხოვრები — რიგით ჯიგიტს ალბათ მენტალურად არ მოსწონს, რომ ქალსაც შეუძლია მანქანის ქონა-ყოლა, მაგრამ უწევს შეგუება. აი, მენტალობა, რომელიც გაიქაჩა და სახელმწიფოს მართვა დაიწყო, უკვე იდეოლოგიაა.

წულუკიან-ბესელია-კობახიძის იდეოლოგიამ — მარადიული ცეცხლის მცველი ქალწული ქურუმებივით, საკუთარი მკერდითა და ღირსებით რომ გადაეფარნენ — ტრიუმფის ხაზამდე მიაღწია და მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ეს ის იდეოლოგიაა, რომელმაც ადამიანების დამჭრელი ტიპები „ნარჩევ ახალგაზრდებად“ გამოაცხადა, საკუთარი ქვეყნის მოღალატე ფაშისტები — „უდანაშაულო მართლმადიდებელ ბიჭებად“, ქურდები და მკვლელები — „ერის გენოფონდად“. ეს ის აზროვნებაა, რომელმაც ყაჩაღებს — შესაძლოა ტრაგიკულად მოკლულ, მაგრამ მაინც ყაჩაღებს — მემორიალი დაუდგა და დააყოლა, ნათესაობის პრინციპით კადრების შერჩევას არა უშავსო. მადლობა მის აღმატებულება იდეოლოგიას, რომელიც საკუთარი დამპყრობლის, დამხვრეტისა და საზარბაზნე ხორცად გამშვების ახალ ძეგლებს ორაზროვანი ღიმილით ხვდება.

ძმა — დანის ტრიალი, და — ენა, ტკბილად მოუბარი. ოღონდ წამალი არაა შსს მინისტრის ასაკის, მეტყველების ან თავის ფორმის რეგულირება. წამალი საერთო-ეროვნულმა აღტკინებამ აკრძალულ სიაში შეიტანა.

არა, აქ არ იგულისხმება ცოცხები, ძალადობა და ფარული ჩანაწერები. იგულისხმება აღიარება, რომ ქურდულ-კლანურ-წითელინტელიგენტურ-ძველბიჭმამაოური მენტალობა ნამდვილად ცუდია. მხოლოდ იმიტომ, რომ განცხადებების დონეზე ამ ყველაფერს ხუთნომრიანი „სასტავი“ ებრძოდა, ზვიგენის ხახაში თავი არ უნდა შევყოთ. ამ ფართოდ დაღებული ხახის შიშმა მაინც უნდა გაგვახსენოს, რომ ქართული საზოგადოება არაა ფინური საზოგადოება; შეგვათანხმოს, რომ ქართულ ციხეში იმდენი უნდა იჯდეს, რამდენიც საჭიროა და არა იმდენი, რამდენიც „ენჯეოშნიკურ“ თვალს გაუხარდება. ბოლოს შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოთხოვნაც გვაიძულოს და შემდეგ უკვე „დაგვაძინოს მშვიდად“.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები