იქნებ ღალატობდა, იქნებ აგინებდა

0 კომენტარი

სულ უფრო ხშირად გვესმის სიტყვა „ფემიციდი“. პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ქალების მკვლელობები უკვე რუტინაა. თუმცა კლავენ არამხოლოდ ქალებს: მაკა წივწივაძის მკვლელობიდან ერთი დღეც არ გასულა, მორიგმა ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლის მეგობარი შეიწირა.

რა არის ფემიციდი და რით განსხვავდება უბრალოდ ქალის მოკვლისგან? ერთერთი განმარტების მიხედვით, ფემიციდია, როდესაც „ქალს კლავენ იმის გამო, რომ ქალია“. არის თუ არა ბოლო დროს მომხდარი შემთხვევები ასეთი? ნაწილობრივ მაინც, არის, რადგანაც მათ საფუძველშია უთანასწორო დამოკიდებულება ქალისა და კაცის უფლებების მიმართ. შეიძლება ვერ გავიგოთ რა ხდებოდა კონკრეტული მკვლელის ტვინში, მაგრამ მკვლელის გამმართლებელთა არგუმენტები ერთგვარი აღიარებითი ჩვენებაა: „იქნებ უღალატა“, „იქნებ უყვარდა და აწვალებდა“. საეჭვოა იმავე ადამიანებმა „იქნებ უღალატათი“ გაამართლონ კაცის მოკვლა.

ქალების პასუხისმგებლობაზე ყურადღების გამახვილებას არამხოლოდ მკვლელების გულშემატკივრები ახერხებენ. ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, მკვლელი კაცები მაინც მკვლელებად დარჩებიან, ამიტომაც გამოსავალი ქალების მიერ ქმრების სწორად არჩევა უფროა. მსგავსი აზრი სოციალურ ქსელებში კიდევ ბევრმა გამოხატა.

პირველი შეხედვით, ცუდი არაფერია, როდესაც წუხხარ ქალების არასწორ ფასეულობებზე, რითაც „ახალისებენ“ ძალადობისკენ მიდრეკილ კაცებს და, შესაბამისად, საკუთრივ ძალადობასაც. თუმცა მკვლელობის შემდეგ ამაზე აქცენტირება მინიმუმ ორაზროვან შეგრძნებებსა და უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს. უნებლიედ გახსენდება შარიათის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი წარმოდგენა: თუ არ გინდა მსხვერპლი გახდე, არ ჩაიცვა გამომწვევად. ჩნდება შეკითხვა, თუნდაც მეტი ქალი „დაჭკვიანდეს“, დარჩენილი „სულელების“ ხოცვას არა უშავს? ან როგორ შეიძლება მოითხოვო ჩვეულებრივი ადამიანისგან ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა? სულ ცოტა, უნდა გავარჩიოთ ქალი რომელიც ძალადობას ამართლებს, იმისგან, ვინც ვერ ეგუება. როდესაც ამბობ რომ "სულელი გოგოშკები" თხოვდებიან „ცუდ ტიპებზე“ და ამიტომ ხდება ტრაგედიები, ისიც უნდა გაგახსენდეს, რომ მოკლულთა დიდი ნაწილი იყო ყოფილი ცოლი. კაცის მხრიდან შურისძიება ნიშნავს რომ განშორება ქალის ინიციატივით მოხდა. ქალმა არ ისურვა “ცუდ ტიპთან“ გაჩერება და სწორედ ამისთვის დაისაჯა.

თუმცა ის რაც ჩვენს გარშემო ხდება არამხოლოდ გენდერულ ჭრილში უნდა განვიხილოთ. თუ მკვლელობების გამმართლებლებსაც და მგმობელებსაც სწორად გვესმის მკვლელთა მოტივები, ეს არ არის უბრალოდ მიზოგინია, ანუ, კლასიკური გაგებით, ქალების სიძულვილი. სიძულვილი აშკარად არის პრობლემის ცენტრში, როდესაც ქუჩაში სცემენ ჰომოსექსუალს ან ავიწროებენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. ყოფილი ცოლების მკვლელობების უკან არაა იდეა, რომ „ჩვენ გვძულს ქალები“. ლაიტმოტივი სხვაა: „ჩვენი ღირსება შეილახა“.

სწორედ ეს — ღირსებისა და მისი დაცვის ველური გაგება —  აერთიანებს არამხოლოდ ქალების ბოლოდროინდელ მკვლელობებს, არამედ კაცების მიერ ერთმანეთის ხოცვისა და დასახიჩრების უამრავ შემთხვევასაც. სწორედ ამ პრობლემის გამო, რასაც პირობითად „ჯიგიტობა“ შეიძლება ვუწოდოთ, დაიღუპა ერთერთ ბოლო ინციდენტში ოცდაათი წლის კაცი. პრობლემა რომ მხოლოდ მიზოგინია იყოს, ამ შემთხვევაშიც ყოფილი ცოლი იქნებოდა მსხვერპლი და არა მისი მეგობარი. გენდერული უთანასწორობა და ფობიები ჯიგიტური ვნებების რეალიზების ერთერთი წინაპირობაა, მაგრამ არა ყოველთვის და არა ერთადერთი.

მდგომარეობის ტრაგიკულობაც ისაა, რომ ჯიგიტურ მსოფლმხედველობას იზიარებენ და ზოგჯერ შეპარვით, ზოგჯერ ღიადაც გამოხატავენ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები. ამის გამოვლინებაა, როდესაც ეკა ბესელია გვიხსნის რომ არაფერი ხდება უმიზეზოდ და მანანა კობახიძე გვეუბნება „იქნებ დედა შეაგინაო“. ამის გამოვლინებაა, როდესაც სასამართლოს დარბაზში მიგვანიშნებენ, დიჯეი დაჩი დარჩია ტყუილად კი არა, უხამსი წინადადების გამო მოკლესო. ამის გამო უჭირთ მკაფიო ზღვარის გავლება დამნაშავესა და უდანაშაულოს შორის. არ ესმით, რომ ქურდები, მოძალადეები, მკვლელები არ შეიძლება მოიხსენიო „უდანაშაულო ბიჭებს“ შორის, როგორ პირობებშიც უნდა ყოფილიყვნენ ციხეში. ჯიგიტობის გამო მოკლეს გირგვლიანიც — აბა ნაღდი ქართველი კაცები შეურაცხყოფას ოქმის გაფორმებით ხომ არ უპასუხებდნენ?

დღეს კი ადამიანები, რომელთა პოლიტიკური კარიერის ნახევარიც გირგვლიანის ხსენებით აიგო, „იქნებ შეაგინათი“ ფაქტიურად ამართლებენ გირგვლიანის მკვლელობას.

როგორი მძიმეც უნდა იყოს აღიარება და როგორი არაპოპულარულიც — სანამ საქართველოში ბავშვები გაიზრდებიან იმ იდეებით, რომ „თუ შეგაგინებს, დასაჭრელია“, „თუ გიღალატებს, მოსაკლავია“, „თუ არა და კაცი არ ხარ“, ჩვენს ყოველდღიურობას დღევანდელი სიმძიმე და დაძაბულობაც გაჰყვება. სანამ დედებიც, მამებიც, ბაბუებიც, დებიც და ცოლებიც ჯიგიტობას წაახალისებენ, გაამართლებენ და „გაგებით მოეკიდებიან“, მუდმივად ჩაგვესმება სამძიმრის და სინანულის მაგივრად — „იქნებ...“

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები