გლოვის პროკრუსტეები

0 კომენტარი

რაც დიდია მოვლენა, კარგი თუ ცუდი, მეტი ამოაქვს ზედაპირზე. კახა ბენდუქიძის წასვლა დიდი მოვლენაა: ეს რეაქციებმა დაამტკიცა — რეაქციებმა, რომლებმაც არა მხოლოდ ბენდუქიძის პიროვნება, არამედ ბევრი საკითხი თუ ადამიანი ჩვენს გარშემო წარმოაჩინა ისევე მკაფიოდ, როგორც თავად ბენდუქიძეს სჩვეოდა.

თუ გადავდებთ კომენტარებში განხილულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებს და ემოციური დამოკიდებულებით დავახარისხებთ: ერთნი მეტ-ნაკლებად ცივილური ფორმებით გამოხატავენ გულგრილობას იდეოლოგიური, „კლასობრივი“ მტრის გარდაცვალების მიმართ. მეორენი უბრალოდ ველურობას, უკულტურობას ავლენენ: პირს იმყრალებენ ან სულაც სადისტური ვნებებით იწონებენ თავს, რაც ჩვენში სამწუხაროდ იშვიათი და მოულოდნელი არაა. მესამენი წუხან „მართალია სულ სხვა იდეოლოგიის, მაგრამ მაინც მეცენატის“, ან უბრალოდ თანამოაზრის დაკარგვაზე. თუმცა ამჯერად ყველაზე საინტერესო მეოთხე პოზიციაა: ერთგვარი მორალური პროკრუსტეობა, რომელიც ყველა კუბოს დანახვაზე ერთი ზომისა და მარილიანობის ცრემლს ითხოვს.

პროკრუსტე ბერძნულ მითოლოგიაში იყო ცნობილი — მოგზაურებს პატიჟებდა და, დიდსა თუ პატარას, ყველას ერთი ზომის რკინის საწოლზე არგებდა: პატარას — გაწელვით, დიდს — კიდურების მოკვეთით. რთული სათქმელია, რა ხეირი ჰქონდა პროკრუსტეს, თუმცა ჩვენ აქტუალური მეტაფორა დაგვიტოვა.

„ედუარდი რომ წავიდა, მაშინ რატომ არ იყო მიუღებელი სიხარული“ — ზოგი შესაძლოა სრულიად გულწრფელად კითხულობდეს და გულწრფელ პასუხსაც იმსახურებდეს. შეიძლება დავაც, ვისთვის, რამდენად და რატომ იყო ერთი გარდაცვლილი მეორეზე უარესი და სად გადის ზღვარი წუხილისა და სიხარულის დაშვებულობას შორის. მაგრამ როდესაც მსგავსი შეკითხვების უკან უფრო ფართო განზოგადებები და გამთანაბრებლობაა, ნამდვილად მოჩანს რაღაც პროკრუსტესეულად ცივი და სახიფათო. მოჩანს ზნეობრივი აღმატებულობის პოზით შენიღბული ფასეულობრივი სიცარიელე, ან ბანალური გაუაზრებლობა, „უმსჯელობა“.იგივე ხმა პერიოდულად ამოგვძახებს: „პოლიტიკა ბინძური საქმეა, ყველა ერთი ნაგავია, იქ ვიყავი და ვნახე... დაჯექი და უყურე მოტობურთს, თუ კაცი ხარ, რას ეკვეხები“. სწორედ ის ფილოსოფიაა, რომელიც კახა ბენდუქიძემ არ მიიღო და ამ მიუღებლობით შესაძლოა საკუთარი სიკვდილიც დააჩქარა, მაგრამ ბევრი ადამიანის გულწრფელი თანაგრძნობა დაიმსახურა.

აბა როგორ შეიძლება მყარი ზნეობრივი ფასეულობების საფუძველზე გააზრებულად ამტკიცებდე, თითქოს „ან არავისი სიკვდილით გახარება არ „ტეხავს“, ან ყველასი“. საკმარისია კონკრეტული პერსონაჟები მოარგო ფორმულას და მთელი პათოსი იშლება. „თუ სტალინის სიკვდილი შეიძლება გაგვხარებოდა, რატომ არ უნდა გაგვიხარდეს... პროკოფიევის სიკვდილი“ — „იქსებით და იგრეკებით“ იყო დამაჯერებელი, ამაღლებულიც კი; კონკრეტული ადამიანებით გახდა კომიკური ან, სულ ცოტა, ხელოვნური და გაუგებარი. მორალური პროკრუსტეობა ზედმეტი ფიქრისგან გათავისუფლებს, მარტივია, კომფორტულია, მაგრამ ამდენადვე მყიფეა არსით. ამ პოზიციასთან დათანხმება საკუთარი ფასეულობების გადადებას ნიშნავს.

უნივერსალური სამგლოვიარო მიდგომების ძიებაზე ზნეობრივად ბევრად საინტერესოა დავფიქრდეთ, რა ემოციები დაიმსახურა გარდაცვლილმა. კახა ბენდუქიძის სიკვდილით ნასიამოვნებ ადამიანებს ვურჩევდი საკუთარ თავს ჰკითხონ:

იყო თუ არა ქურდი, მკვლელი და ავაზაკი?

იყო თუ არა ცილისმწამებელი, მოწინააღმდეგეებთან ბინძური ჭორებითა და „წელს ქვემოთ დარტყმებით“ მებრძოლი?

იყო თუ არა ფაშისტი, რომელიც განსხვავებულ ადამიანებზე ძალადობისკენ ან მათი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოგვიწოდებდა?

იყო თუ არა ყალბი დაპირებების გამცემი, რომელიც ორიოდე წელიწადში საოცრებებს გვპირდებოდა, შემდეგ კი იფიცებდა, მსგავსი არაფერი მითქვამსო?

იყო თუ არა უსახური კონფორმისტი, რომელიც საკუთარ რწმენას მალავდა, რომ ნებისმიერ პოპულარულ და კომფორტულ შეხედულებას მორგებოდა?

ასეთი მარტივი შეკითხვების დასმა თუ მოვახერხეთ ხოლმე, პასუხად დაგროვილი „კი“-ების შესაბამისად შესაძლოა გახარებაც გამართლებული იყოს, სალუტიც და ქუდების ჰაერში ასროლაც.

ჩემთვის კახა ბენდუქიძის ბოლო შტრიხები მისი ბოლო კვალია სოციალურ ქსელში: დაპირება, რომ საქველმოქმედო ინიციატივისთვის შეგროვილ თანხას გააორმაგებდა და, რაც მთავარია, ყირიმელი თათრების ლიდერთან, მუსტაფა ჯემილევთან ერთად გადაღებული სურათი: ადამიანთან, რომელიც ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი პუტინის რეჟიმთან ღია დაპირისპირებით წლობით რისკავდა საკუთარ სიცოცხლეს. ეს სურათი სიმბოლოა, რომ ბენდუქიძე სიცოცხლის ბოლოს იდგა სადაც იყო რთული, სახიფათო, მაგრამ სწორი. იდგა მაშინ, როდესაც შეეძლო ჩრდილში გადასვლა და „ცალ მხარზე წამოწოლა“, „სამზარეულოს ინტელექტუალად“ ქცევა: საამისოდ არც ფული აკლდა, არც ქვეყნების არჩევანი, სადაც მეგობრები და თაყვანისმცემლები კომფორტულ „საპენსიო“ გარემოს შეუქმნიდნენ.

კახა ბენდუქიძე არ გადასულა ჩრდილში — ნათელი წერტილიდან წავიდა იმქვეყნად და ამიტომაც იქნება არამხოლოდ საფუძვლის ჩამყრელი, არამედ მუდმივი შთამგონებელი და სიმბოლო მისი საქმის გამგრძელებლებისთვის. ბენდუქიძის კედელი სოციალურ ქსელში, სადაც ახლა არ წერს თვითონ, მაგრამ წერს მისი ასეულობით მეგობარი, ერთდროულად სიცარიელისა და იმედის ადგილია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები