რელიგია

9 კითხვა ქრისტიან სასულიერო პირებს

0 კომენტარი

დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი 

გლდანის ლომისის წმიდა გიორგის 

ეკლესიის მღვდელმსახური (მართლმადიდებელი)

რომელ უმთავრეს ფასეულობებს ეფუძნება მართლმადიდებელი ეკლესია?

 
რწმენას, სიყვარულსა და სასოებას. ყველა ქრისტიანისათვის ამოსავალი წერტილია თავად ქრისტეს სიტყვები: შეიყვარო უფალი და მოყვასი გულითა და გონებით. ასევე რწმენა ჭეშმარიტი ღმერთისა, ყოვლადწმიდა სამების. იმედი უფლისა, მომავლისა და მოყვასისა. სიკეთის კეთება აუცილებელი პირობაა ამ ყველაფერთან ერთად. შეურყეველი რწმენა 7 საეკლესიო კრებაზეა დაფუძნებული. 
მხოლოდ მართლმადიდებლობაში ხედავთ ერთადერთ გზას, რომელიც ადამიანის სულს აცხოვნებს თუ შესაძლებელია ცხონდეს არამართლმადიდებელიც?
 
ადამიანს არ უნდა აინტერესებდეს, რომელი აღმსარებლობის მიმდევარნი ცხონდებიან და რომლები არა. უფლის მსჯავრი მხოლოდ მისი ნებაა. უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვცხონდებით თუ არა თავად. ამისთვის საჭიროა, ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება და შესაბამისი ცხოვრების წესიც გააჩნდეს. სახარებისეული ჭეშმარიტებაა: ვინც ნათელს არ იღებს ყოვლადწმიდა სამების სახელით, შესაბამისად, ვერც ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს. 
 
ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ეკუმენიზმი ნიშნავს სხვადასხვა რელიგიებისა თუ კონფესიების ერთ კომპრომისულ ვარიანტამდე დაყვანას – ანუ მათ შერწყმას. თქვენ როგორ ხედავთ ეკუმენიზმის მიზანს?
 
სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს ბევრი საერთო აქვთ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ, გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს – იზრუნონ მშვიდობაზე, ებრძოლონ ნარკოტიკებს, ტრეფიკინგს, აბორტს, დაძლიონ შიმშილობა... ეკუმენიზმის მიზანი უნდა იყოს დიალოგი სხვადასხვა რელიგიებს შორის, ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბება, კონფლიქტების განმუხტვა. რაც შეეხება სარწმუნოებათა გაერთიანებას, ვფიქრობ, ეს შეუძლებელიც არის და არც მიზანშეწონილი იქნება. 
რამდენად მისაღებია მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ადამიანების ქორწინება?
 
სიყვარულმა აღმსარებლობა არ იცის. ოჯახური კავშირი ნაკურთხია უფლის მიერ. თუმცა, არსებობს საფრთხე – თუ მეუღლეები სხვადასხვა აღმსარებლობისა იქნებიან, რაღაც ეტაპზე თავს იჩენს წინააღმდეგობები. თუნდაც ბავშვების აღზრდისას. ამიტომ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აკურთხებს შერეულ ქორწინებებს. ზოგიერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს პრაქტიკა არსებობს – კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის. 
 
მეცნიერება სულ უფრო ხშირად და ნათლად პასუხობს იმ შეკითხვებს, რომელსაც წარსულში რელიგია წმიდა წიგნების მეშვეობით ხსნიდა. როგორ ვიპოვოთ კომპრომისი რწმენასა და გონებას შორის?
 
ადამიანი მოწოდებულია შეიმეცნოს უფალი, საკუთარი თავი, სამყარო. მთავარია, არ შევიდნენ შეცდომაში და ცოდნა ბოროტად არ გამოიყენონ. ცოდნა – ძალაა, როგორც ფრენსის ბეკონმა თქვა. რელიგიისა და მეცნიერების ზომიერად შეზავება, ვფიქრობ, ადამიანებისა და კაცობრიობის განვითარებაში საუკეთესო სინთეზია.
 
ბევრი ფიქრობს, რომ სამყაროს აღსასრული მოგვიახლოვდა და ამაზე ბუნებრივი კატაკლიზმები მეტყველებენ, რამდენად საფუძვლიანად გეჩვენებათ მათი მოლოდინი?
 
დღეისთვის, როცა ტექნიკა და კომუნიკაციები განვითარებულია, ადამიანები სხვადასხვა ტრაგედიების შესახებ მალე იგებენ. ტრაგედიები ადრეც ხდებოდა, მაგრამ მათზე ხშირად არაფერი გვესმოდა ხოლმე. 
მორწმუნე ადამიანი უფალთან შესახვედრად მუდმივად უნდა იყოს მზად და ნიშნები არ გამოიგონოს. იესო მოციქულებს ეუბნება, ამ ჟამის შესახებ არავინ იცის, გარდა მამისაო. ადამიანებისთვისვე სჯობს, ამ ჟამზე არ იცოდნენ.
 
საქართველო აბორტის რიცხოვნობით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. რა არის გამოსავალი?
 
აბორტი უდიდესი ცოდვაა. მისი სიმრავლე განაპირობა ტყუილმა, რომ მუცლადმყოფი ადამიანი არაა. სოციალური ფონი განსაკუთრებით მოქმედებს ამაზე. უნდა ავუხსნათ ადამიანებს, რომ აბორტი დანაშაულია. ჩანასახი უკვე ცოცხალია და სიცოცხლის უფლება აქვს. სამწუხაროა, როდესაც მშობელი უარს ამბობს ახალი სიცოცხლის გაჩენაზე, რითაც, თითქოს, ერთგვარად იადვილებს ცხოვრებას. აბორტი ანგრევს ქალს მორალურად, სულიერად და ფიზიკურად. აღმაშფოთებელია, როდესაც აბორტს ძალადობა ახლავს. 
აღმსარებლობის თავისუფლების თვალსაზრისით რა პრობლემებს ხედავთ საქართველოში და რით არის ის განპირობებული?
 
საზოგადოება რელიგიურად ნაკლებადაა განათლებული. ნაკლებად ესმით თავისუფალი ღირებულებები. სამწუხაროდ, უკიდურესობები გვახასიათებს. ზომიერება არ გვჩვევია. 
თავისუფლების გაგება ჩვენში სხვადასხვაგვარია. თუმცა, სხვა მხარეც არსებობს. ბევრს ავიწყდება, რომ თავისუფლებას პასუხისმგებლობა და მოვალეობებიც ახლავს. 
 
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სეკულარიზმს?
 
სახელმწიფო და რელიგია დიდი ხანია თანაარსებობენ. საღვთისმეტყველო გაგებით, ისინი დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ ბევრი რამ აერთიანებთ. თუმცა კეისრის ღმერთში არევა და პირიქით, არ შეიძლება. მეორე მხრივ, სახელმწიფოს არ აქვს უფლება რელიგიის წინააღმდეგ იმოქმედოს. ის, უპირველესად, საზოგადოებაში კეთილსინდისიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ამრიგად, აგრესიული სეკულარიზმი მიუღებელია, სეკულარიზმი კი მისაღები.
 
 
რუსუდან გოცირიძე

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი (პროტესტანტი)


რა უმთავრეს ფასეულობებს ეფუძნება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია?

 
ეკლესია უნდა კარნახობდეს ფასეულობებს, უნდა იყოს სანთელი, რომელიც გზას უნათებს სოფელს. სამწუხაროდ, საქრისტიანოს ისტორიამ აჩვენა, რომ სეკულარული სივრცე გაცილებით წინ იდგა ჰუმანური ფასეულობებისადმი ერთგულებაში, ვიდრე ეკლესია. ჩვენი ეკლესიის ფუნდამენტური ფასეულობა არის თანასწორობა, ეკუმენური ღიაობა და დაუცველის გვერდით დგომა. 
 
 მხოლოდ ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ხედავთ ერთადერთ გზას, რომელიც ადამიანის სულს აცხოვნებს თუ არაბაპტისტიც შესაძლებელია ცხონდეს?
 
ადამიანი ცხონდება არა იმის მიხედვით, თუ რომელ ეკლესიაში დადის, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ურთიერთობა არსებობს ამ ადამიანსა და უფალს შორის. უფალთან ურთიერთობის „დაპატენტება” არ შეუძლია არავის, შესაბამისად, კონფესიურ კუთვნილებას ცხონებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. 
 
ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ეკუმენიზმი ნიშნავს სხვადასხვა რელიგიებისა თუ კონფესიების ერთ კომპრომისულ ვარიანტამდე დაყვანას – ანუ მათ შერწყმას. თქვენ როგორ ხედავთ ეკუმენიზმის მიზანს?
 
მაცხოვარი, იმ ღამეს, როცა უნდა გაეცათ, სწორედ თავის მოწაფეთა ერთობას ავედრებდა მამას, „რაითა ყოველნი ერთნი იყვნენ” (იოანე 17:21). ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის ერთობაა და არა ინსტიტუციური. იესო არასოდეს ლაპარაკობს ქრისტიანთა ორგანიზაციულ მოწყობაზე, არ საუბრობს კანონებზე, შინაგანაწესზე, ის მხოლოდ ღმერთისა და მოყვასის სიყვარულზე საუბრობს. ეკუმენური ერთობა არის მრავალფეროვნების ზეიმი და არა ერთ ფერამდე დაყვანის მცდელობა. 
 
რამდენად მისაღებია ბაპტისტი და არაბაპტისტი ადამიანების ქორწინება?
 
ორი ადამიანის ქორწინება ღვთის თვალში იმდენად ამაღლებულია, რომ სახარება ამ კავშირს ეკლესიისა და იესოს ურთიერთობას ადარებს. ორი მოყვარული ადამიანის ურთიერთობა მათი ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი ერთობის ზეიმია. ეს ერთობა დენომინაციის საზღვრებს არ ემორჩილება. 
ყველაზე ლამაზი ქორწილი, რომელიც მახსოვს, ბაპტისტი და არაბაპტისტი ღვთისმსახურების მიერ აღვლენილი ჯვრისწერა იყო. 
 
მეცნიერება სულ უფრო ხშირად და ნათლად პასუხობს იმ შეკითხვებს, რომელსაც წარსულში რელიგია წმიდა წიგნების მეშვეობით ხსნიდა. როგორ ვიპოვოთ კომპრომისი რწმენასა და გონებას შორის?
 
საკომპრომისოდ არ არის საქმე. ბიბლია არც მეცნიერული ნაშრომია და არც მატიანე. ეს არის ადამიანისა და უფლის ურთიერთობის წიგნი. ბიბლიაში მოძიებული პასუხები, სწორედაც რომ კაცობრიობის განვითარების მიხედვით იცვლებოდა. რაც მეტს იკვლევდა ადამიანი სამყაროს, მით უკეთ იგებდა ბიბლიას.
 
 ბევრი ფიქრობს, რომ სამყაროს აღსასრული მოგვიახლოვდა და ამაზე ბუნებრივი კატაკლიზმები მეტყველებენ, რამდენად საფუძვლიანად გეჩვენებათ მათი მოლოდინი?
 
ყოველი ახალი დღე, აღსასრულთან კიდევ ერთი დღით მიახლოებაა. ადამიანმა სიცოცხლის მხოლოდ ერთი ფორმულა იცის „დაბადება-განვითარება-დასასრული”. ამდენად, სულ რომ ვამტკიცოთ დასასრულის მოლოდინისაგან თავისუფალნი ვართო, თავს მოვიტყუებთ. მაგრამ მუდამ დასასრულზე მზირალი კაცისათვის, მთავარი მოტივატორი შიში ხდება.  შიში და სიყვარული კი თავსებადი არ არის. ვფიქრობ, ეკლესიამ სიყვარული უნდა იქადაგოს. დრო-ჟამის განჭვრეტა ჩვენი საქმე არ არის. 
 
საქართველო აბორტის რიცხოვნობით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. რა არის გამოსავალი?
 
აკრძალვა არ არის გამოსავალი. ის გაცილებით მეტი უბედურების სათავეა, ვიდრე ათეულობით აბორტი ერთი რიგითი ქართველი ქალისთვის. ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემია სიცოცხლის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება. შვილი გინდა იმიტომ, რომ სიბერეში წყლის მომწოდებელი გყავდეს, რომ დამტირებელი გყავდეს და ა.შ. მიმაჩნია, რომ გამოსავალი რეპროდუქციული განათლების დონის ამაღლებასა და სიცოცხლისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებაზე ზრუნვაშია.
 
აღმსარებლობის თავისუფლების თვალსაზრისით რა პრობლემებს ხედავთ საქართველოში და რით არის ის განპირობებული?
 
რა პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როცა არავინ გვიშლის ჩვენს ტაძარში წირვას, არავინ გვასახლებს ქვეყნიდან, არავინ დაგვდევს თითბერის ჯვრებით... პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ამის გამო ისეთი მადლიერი უნდა იყოს ყველა ბაპტისტი, კათოლიკე, ლუთერელი თუ იეჰოვას მოწმე, რომ მეტის არც თქმის და არც მოთხოვნის მორალური უფლება არ გააჩნდეს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისათვის მრავალფეროვნება სიმდიდრეს არ წარმოადგენს. ქართული ტოლერანტობა მეიდნის უბნის არქიტექტურის იქით არ მიდის. 
 
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სეკულარიზმს?
 
სეკულარულ საზოგადოებაში მშობელი დარწმუნებულია, რომ ქიმიის მასწავლებელი გაკვეთილზე ბავშვს კი არ უქადაგებს, არამედ მენდელეევის ტაბულაზე ესაუბრება. სეკულარულ სახელმწიფოს სტამბაში არამართლმადიდებლური ლიტურგიული ტექსტის დაბეჭდვაზე უარს არ გეტყვიან.  წინასაარჩევნოდ კანდიდატების სარეკლამო პლაკატი ტაძრის ფონზე არ იქნება გადაღებული... სეკულარიზმის პოზიტივია, რომ ღმერთის სახელით მხოლოდ ის საუბრობს, ვისაც ეგების და არა  ვისაც მოგება სურს. იზოლაციამდეა მისული გამიჯვნა ძალიან ცუდია – როცა რელიგიისათვის საერო სივრცე სრულიად დახურულია, როცა რელიგია იქცევა ჩაკეტილ სივრცედ სხვადასხვა ფობიებით შეპყრობილი ადამიანებისათვის.
 

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი
(კათოლიკე)

რომელ უმთავრეს ფასეულობებს ეფუძნება კათოლიკე ეკლესია?

 
სიყვარული, ჭეშმარიტება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, თანასწორობა, სოლიდარობა, სულიერება, მსახურება, მიტევება, ოჯახი... იესომ თავისი განკაცებით გვიჩვენა ახალი ადამიანი, ადამიანი ღმერთის ჩანაფიქრისამებრ! კათოლიკე ეკლესიამ, როგორც ყველა სხვა ქრისტიანულმა ეკლესიამ, უწყის, რომ ვერასოდეს უღალატებს სახარების ფასეულობებს, თუ ადამიანის ერთგული დარჩება და ვერასოდეს უღალატებს ადამიანურ ფასეულობებს, თუ  სახარების ერთგული იქნება.
 
მხოლოდ კათოლიკე ეკლესიაში ხედავთ ერთადერთ გზას, რომელიც ადამიანის სულს აცხოვნებს თუ შესაძლებელია  არაკათოლიკე ცხონდეს?
 
კათოლიკე ეკლესიაში სრული ხსნაა. ეკლესიები, რომლებიც არ იზიარებენ პაპის პრიმატს, რჩებიან კათოლიკე ეკლესიასთან ერთობაში – სამოციქულო მემკვიდრეობისა და ნამდვილი ევქარისტიის წყალობით. ეს ორთოდოქსული ეკლესიებიც ქრისტესია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კათოლიკე ეკლესიის სრული თანაზიარნი არ არიან. სხვებსაც შეუძლიათ ცხონება – მათ, ვინც საკუთარი ბრალის გარეშე არ იცნობენ ქრისტეს სახარებას, მაგრამ გულწრფელად ეძიებენ ღმერთს და ცდილობენ შეასრულონ მისი ნება, რასაც სინდისის კარნახით შეიცნობენ.
 
ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ეკუმენიზმი ნიშნავს სხვადასხვა რელიგიებისა თუ კონფესიების ერთ კომპრომისულ ვარიანტამდე დაყვანას – ანუ მათ შერწყმას. თქვენ როგორ ხედავთ ეკუმენიზმის მიზანს?
 
ეკუმენიზმი საქართველოში ორნაირად ესმით: ერთი, რომ ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ იმ ეკლესიაში, რომელსაც ვეკუთვნი „მე”. მეორე აზრით, უნდა შეიქმნას ერთი, ახალი ეკლესია – ყველას სინთეზი. ორივე შეხედულება მცდარია. ადამიანებს შეგვიძლია, გავხლიჩოთ ეკლესია ხილულ ელემენტებში, მაგრამ არა მის სიღრმისეულ ერთობაში, რაც სულიწმიდას წარმოადგენს. ქრისტეს ერთიანი ეკლესია არ გაყოფილა და არც არასოდეს გაიყოფა. ესაა ჩვენი რწმენა: “მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”. დოქტრინალური განსხვავებებისთვის გვერდის ავლა არ შეგვიძლია, მათი გადაჭრა მოთმინებით გვმართებს.
 
რამდენად მისაღებია კათოლიკე და არაკათოლიკე ადამიანების ქორწინება?
 
საქართველოში ე.წ. შერეული ჯვრისწერა პრობლემაა. როდესაც წყვილს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯვარის დაწერა სურს, მღვდელი კათოლიკესგან გამართლმადიდებლებას მოითხოვს. შეგნებული კათოლიკე ამით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და უარს ამბობს. თუ წყვილი მიდის კათოლიკე ეკლესიაში, მღვდელი არ სთხოვს გაკათოლიკებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მართლმადიდებელს საკუთარი ეკლესია შეაჩვენებს. ახალგაზრდები ტირილით შემომჩივიან ხოლმე ამის გამო. როცა სასულიერო პირები ამას ვწყვეტთ, მაშინ სიყვარულზე, ან რწმენაზე გაბატონებას ვცდილობთ. არც ერთია ჩვენი ფუნქცია და არც მეორე!
 
მეცნიერება სულ უფრო ხშირად და ნათლად პასუხობს იმ შეკითხვებს, რომელსაც წარსულში რელიგია წმიდა წიგნების მეშვეობით ხსნიდა. როგორ ვიპოვოთ კომპრომისი  რწმენასა და გონებას შორის?
 
ღვთისგან მონიჭებული გონებით, კითხვებს პასუხს სულ უფრო სიღრმისეულად ვცემთ. ეკლესია არასოდეს ყოფილა მეცნიერების მტერი – პირიქით! პრობლემა იქმნება, როცა ბიბლიაში ვეძებთ სამეცნიერო – გეოგრაფიულ, ისტორიულ თუ სხვა კითხვებზე პასუხს. ბიბლია ამისთვის არაა. ის გვპასუხობს სიცოცხლისა და ღმერთის შესახებ. ბიბლია გვიჩვენებს გზას ცხონებისკენ. 
 
ბევრი ფიქრობს, რომ სამყაროს აღსასრული მოგვიახლოვდა და ამაზე ბუნებრივი კატაკლიზმები მეტყველებენ, რამდენად საფუძვლიანად გეჩვენებათ მათი მოლოდინი?
 
ეს ფუჭად დაკარგული დროა. იესომ თქვა: “იმ დღეზე და იმ ჟამზე არავინ უწყის, არც ზეცის ანგელოსებმა, არც ძემ, მხოლოდ მამამ” (მათ. 24,36). ერთ წმინდანს სულიერმა მამამ ჰკითხა ფეხბურთის თამაშისას: რას იზამდი, ნახევარ საათში წუთისოფლის აღსასრული რომ დადგესო. გავაგრძელებდი თამაშსო, უპასუხა. კეთილად ვიცხოვროთ ცხოვრების ყოველი წუთი... ეს საკმარისია!
 
საქართველო აბორტის რიცხოვნობით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. რა არის გამოსავალი?
 
სიცოცხლის  ხელშეუხებლობა, ჩასახვიდან – ბუნებრივ სიკვდილამდე, ის ფასეულობაა, რომელსაც ეკლესია იცავს. ადამიანსაც მართებს ადამიანის სიცოცხლის დაცვა. არ შეგვიძლია წავუყრუოთ კითხვას, რომელიც ოდითგანვე დაისმის: “მე რა, ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”. კითხვას უნდა შევაგებოთ დამაჯერებელი “ჰო” და არ შეგვრცხვეს ამის! მუცლადმყოფიც ჩემი ძმაა! 
 
აღმსარებლობის თავისუფლების თვალსაზრისით რა პრობლემებს ხედავთ საქართველოში და რით არის ის განპირობებული?
 
აღმსარებლობის თავისუფლება ერთ-ერთი წმიდათაწმიდა უფლებაა! მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მართებს, გახდეს საერთო სახლი ყველა მისი მკვიდრისთვის. ყველას თანასწორი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საკუთარი ღირებულებებისა და უფლებების დასაცავად, საქართველოს იურიდიული მოწყობის გათვალისწინებით. სახელმწიფოს სიძლიერე ისაა – ყველა მოქალაქეს აგრძნობინოს, რომ მას სრული პატივისცემით ეპყრობა.
 
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სეკულარიზმს?
 

ეკლესია მზად უნდა იყოს, შეხვდეს და ესაუბროს ადამიანებს, რომლებსაც სხვა ორიენტირები და ფასეულობები აქვთ. მიმაჩნია, რომ სეკულარიზაცია, რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს, თავისი ზოგიერთი აგრესიული ფორმის გამო, საბოლოოდ აიძულებს ეკლესიას, მოძებნოს ის არსებითი, რაც მას ეკლესიად აქცევს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები