ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან

0 კომენტარი

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
კახა ბენდუქიძეს ბევრი, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, სახელმწიფო მოხელეს, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს, ისე იცნობს. ტაბულას მკითხველს მისი წერილებიც კარგად ახსოვს. ბოლო თერთმეტი კვირის განმავლობაში კი ბენდუქიძე მაყურებელმა ახალ – ბიზნეს რეალითი შოუს – შეგირდი – წამყვანის ამპლუაში იხილა. რა ტენდენციები გამოავლინა შოუმ და რაზე ღირს მომავალში დაფიქრება – კახა ბენდუქიძე ტაბულას ამ თემებზე ესაუბრება.
რა მთავარ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს წარმატებული მენეჯერი?
 
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მიგვეღო ხალხი, რომელიც ჩემს მინიმალურ კრიტერიუმებს, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომელი, შეესაბამებოდა. პირველ რიგში, არ უნდა მატყუებდეს, მათ შორის, არ უნდა მატყუებდეს წვრილმანებში. უნდა შეეძლოს, გაიგოს კითხვა და შემდეგ მას ზუსტი პასუხი გასცეს. თუ პასუხი არ იცის, უნდა შეეძლოს, თქვას, რომ არ იცის. ამას ვერ გააკეთებს, თუ საკუთარ თავს სწორად არ შეაფასებს. ამიტომაც იყო, რომ შერჩევის პროცესში ზოგიერთი ჩემი კითხვა მაყურებელს უადგილოდ მოეჩვენა – მაგალითად, ვერ გაიგო, რატომ შევეკითხე  ვიღაცას პოეზიაზე ან პროცენტის პროცენტის გამოთვლა რატომ მოვთხოვე. სინამდვილეში, მე მონაწილეებს ვეკითხებოდი იმას, რაც მათ თავიანთი აზრით კარგად იცოდნენ. თუ ადამიანი მეტყოდა, რომ, ბატონო კახა, მე ვერ ვერკვევი პროცენტებში, ამის შესახებ მას კითხვას არც დავუსვამდი.
 
 საქართველოში გაბატონებული ტრადიციული შეხედულებით, შერჩევის პროცესში აქცენტი უნდა გაგეკეთებინათ მონაწილის სპეციალობაზე – მაგალითად, აგერჩიათ ისინი, ვისაც განათლება კონკრეტულად ბიზნესის, ან ფინანსების ან ეკონომიკის დარგში ჰქონდა მიღებული. თუმცა თქვენ ამ გზით არ წასულხართ. რატომ?
 
ჩემი აზრით, მითია, რომ ადამიანი თავისი სპეციალობის შესაბამისად უნდა მუშაობდეს. განსაკუთრებით, როდესაც მართვაზეა საუბარი, ადამიანი განათლებით შეიძლება ძალიან შორს იყოს იმისგან, რასაც აკეთებს. ეს არ ნიშნავს, რომ კარგი განათლება ცუდია, პირიქით – ძალიან სასარგებლოა. თუმცა მიდგომა, რომ 18-22 წლის ასაკში მიღებულმა განათლებამ, შემდეგ მთელი ცხოვრების გზა უნდა განსაზღვროს – ცხადია, არასწორია. კონკრეტული ცოდნა საჭიროა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, განათლებამ ადამიანს სხვის ნათქვამზე დაფიქრება ასწავლოს. კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია: ადამიანს უნდა შეეძლოს დეტალებზე დაკვირვება. ჩვენთვის მთავარი იყო მონაწილეს კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინა, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ მონდომებული და ნიჭიერი მონაწილე, ამ სამი თვის განმავლობაში ბევრ რამეს ისწავლიდა. ჩვენ გვჭირდება სიტუაცია, როცა ჭკვიანი, განათლებული და შრომისმოყვარე ადამიანი გაიმარჯვებს და ზარმაცი, უცოდინარი, გაუნათლებელი და არამოაზროვნე – ვერა. ეს არის მისაღწევი. ამ მხრივ, სიტუაცია საქართველოში შეიცვალა და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად შეიცვლება. 
 
იმ  ძირითადი კრიტერიუმებიდან, რომელიც თქვენ დაასახელეთ – არ უნდა იტყუებოდეს; კითხვის გაგება და ზუსტი პასუხის გაცემა უნდა შეეძლოს; თუ რამე არ იცის, უნდა თქვას, რომ არ იცის და საკუთარი თავი რეალისტურად უნდა შეაფასოს – რომელი კრიტერიუმები იყო ყველაზე ნაკლებად გამოვლენილი კანდიდატებში?
 
მე მაგ კრიტერიუმების გაფეტიშებას არ გირჩევთ.  დავალების გარკვეულ ეტაპზე შევნიშნეთ, რომ მონაწილეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია უჭირთ. ამიტომ, ჩვენ მათ კომუნიკაციის მოკლე ტრენინგი ჩავუტარეთ და მერე დავალებაც მივეცით. ამ ტრენინგის მთავარი მიზანი იყო, მონაწილეები მიმხვდარიყვნენ: შენ რომ რაღაც თქვი, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სხვამ გაიგო. ამას ერთი დავალებით და ერთი ტრენინგით ადამიანს, რა თქმა უნდა, ვერ აუხსნი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ფიქრი დაიწყოს. ჩემთვის, მაგალითად, ეს თავიდანვე ცხადი ნამდვილად არ ყოფილა. დიდი ვიყავი, როცა მივხვდი – მე რომ ვიღაცას რაღაცას ვეუბნები და ის თავს მიქნევს, ეს არ ნიშნავს, რომ მან ჩემი ნათქვამი გაიგო. მერე დავიწყე ამაზე ფიქრი და დაკვირვება და ძალიან უცნაური რაღაცები აღმოვაჩინე – მაგალითად, თუ ადამიანს ორი რაღაც უთხარი, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მხოლოდ ერთი აზრი გაიგოს, რაც ჩემთვის  მიგნება იყო. კომუნიკაციის ამნაირი  დეტალების გააზრება მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
თუმცა ყველაზე პრობლემური მაინც თვითშეფასება იყო. ოჯახში ჩვენი თაობაც ასე იზრდებოდა, ჩვენამდელიც და და ჩვენს შემდეგიც, რომ საკუთარ თავზე უმაღლესი არავინ არის, არ შეიძლება შეცდომა დავუშვათ ან ვთქვათ, რომ რაღაც არ ვიცით, საკუთარ თვალში იდეალურობის განსახიერებები უნდა ვიყოთ. ამიტომაც გამოვიდა ისე, რომ საქართველოში საკუთარ თავს ყველა ფანტასტიკურად აფასებს და თავისი უნარებისა თუ შესაძლებლობების კრიტიკა არ შეუძლია. ამას ნაწილობრივ კულტურა, ნაწილობრივ კი დემოგრაფიული გადახრა იწვევს. პატრიარქალური ოჯახის პირობებში – ბებია, ბაბუა, მშობლები და ბევრი შვილიშვილი – ერთის კულტივირება არ გამოდიოდა. მაგრამ, როგორც კი პირამიდა ამობრუნდა – ორი ბებია, ორი ბაბუა, მშობლები და ერთი შვილიშვილი – ეს ადამიანი სამყაროს ცენტრად იქცა. საბოლოოდ მივიღეთ არაერთი თაობა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი ცხოვრების გზის განსაზღვრა უჭირს. ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარ თავს შესაბამისად ვერ აფასებს. სუსტი მონაწილის გამოვლენაც, მონაწილეებში თვითშეფასების მექანიზმის განვითარებას ისახავდა მიზნად. ბოლოსკენ ჩვენ მივაღწიეთ, რომ მონაწილე თვითონ ამბობდა – მე წავაგე, დანარჩენებთან შედარებით, მე ყველაზე სუსტი ვიყავი. საქართველოში ამის თქმა ძალიან რთულია.  
 
ფორუმებსა და სოციალურ ქსელებზე შოუსთან დაკავშირებით მრავალი აზრი გამოითქვა. თუმცა უმეტესობა მას დადებითად აფასებს. ეს შეფასება ორ ძირითად კომპონენტს ეყრდნობა: პირველი, ამ შოუმ დატოვა ხელშესახები შედეგი – ახალი დასახლება ბაზალეთის ტბაზე და მეორე, მაყურებელს შეეძლო არა მხოლოდ სანახაობრივად გართობილიყო, არამედ, ბევრი რამეც ესწავლა. საიდან გაჩნდა დასახლების აშენების იდეა და, თქვენი აზრით, რის მიღებას შეძლებდა მაყურებელი ამ შოუდან?
 
დასახლების იდეას ერთი ისტორია აქვს: მე მყავდა თანამშრომელი, ბულგარელი ქალბატონი, რომელმაც დაამთავრა უორტონის ბიზნესის სკოლა პენსილვანიაში. ეს უნივერსიტეტი სტაბილურად შედის მსოფლიო სამეულში, ფინანსებში კი, როგორც წესი, ნომერი პირველია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აგარაკის აშენება მოინდომა და რამდენიმე თვის შემდეგ უზარმაზარი წერილი მომწერა, სადაც მწერდა როგორი რთულია აგარაკის მშენებლობა, როგორ ჩამორჩება ყველანაირ გრაფიკს, როგორ არ უჯერებენ მუშები. ცოტა ირონიულად ვუპასუხე – ჰო, უორტონის სკოლაში აგარაკის მშენებლობას არ ასწავლიან-მეთქი. მაგრამ მერე დავფიქრდი. ქალს, რომელსაც შეუძლია საინვესტიციო ფონდი მართოს, ან ბანკში მაღალი თანამდებობა დაიკავოს (და სულ ასეთ ადგილებზე მუშაობს), უჭირს საკუთარი აგარაკის მშენებლობის მართვა. ელემენტარული საქმე უფრო რთულია მისთვის, ვიდრე ბევრად უფრო საპასუხისმგებლო. რატომ? იმიტომ, რომ აქ მას სხვა ტიპის ხალხთან უხდება მუშაობა, რამდენიმე რამ ერთდროულად და თანმიმდევრულად უნდა დაგეგმოს და შეასრულოს. ამ მიმოწერის შედეგად გადავწყვიტე, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებმა, არა მარტო თეორიულ ან რომელიმე გამართულ ორგანიზაციაში უნდა
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
მიიღონ პრაქტიკული განათლება (რასაც აკეთებენ, აუცილებლად), არამედ უშუალოდ ბიზნესის კეთება უნდა ისწავლონ. ისწავლონ შეცდომებით, პრობლემებით (როცა თანამშრომელი  გატყუებს და ა.შ.) და ყველა სხვა მძიმე პირობით. ასე ჩამოყალიბდა თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს პრაქტიკუმის კურსი, რომელიც პირველ კურსზე იწყება და მეოთხემდე გრძელდება. მაგალითად, მეორე კურსელებმა უკვე შექმნეს სამი საინვესტიციო ფონდი, რომელიც შემდეგ მათი მეგობრების ბიზნესში ფულს ჩადებს. ეს შოუც ამ იდეის გაგრძელება იყო – მონაწილეებმა, ფაქტობრივად, ის ისწავლეს, რასაც ვერც ერთ ბიზნეს სკოლაში ვერ ისწავლიდნენ. იქ ბევრ სხვა რამეს, ფუნდამენტურ საკითხებს შეისწავლიან, მაგრამ კონკრეტულად როგორ უხელმძღვანელო მუშებს, პროცესს, როგორ დაუსახო საკუთარ თავს ვადები, როგორ მიაღწიო შედეგს – ეს უკვე პრაქტიკის საქმეა. შოუს ბოლო ნაწილი შეიძლება ოდნავ ტექნიკური გამოვიდა ამ მხრივ – მაგალითად, რას და როგორ გაყიდიან, ეს შეიძლება სანახაობრივად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ლურსმნების დაჭედება ან ბეტონის დასხმა. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ – ქართველებმა ვნახოთ, რომ ბიზნესს ხელშესახები შედეგები მოაქვს. ხალხი იმისთვის შრომობს, რომ დადგას სახლი, დარგოს ხე, გააკეთოს გზა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია – მგონი, ჩვენ სწორედ ამგვარი მატერიალიზებული წარმატებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ, ყველა დავალების საერთო ხაზი იყო, რომ საბოლოო დავალება რეალური ბიზნესი ყოფილიყო – რაც მართლა შეიძლება მენეჯერს დაავალო: ააშენე ხუთი (თუნდაც პატარა) სახლი – ეს კონკრეტული დავალებაა, რომელსაც კონკრეტული უნარები სჭირდება. ამას, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი მენეჯერი თავს ვერ გაართმევს. 
ბოლო კვლევებით, გასართობი და შემეცნებითი გადაცემები მაყურებლისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე საინფორმაციო-ანალიტიკური. როგორ გგონიათ, რატომ?
 
ცხოვრება საქართველოში ნორმალურ კალაპოტში ჯდება. სულ ეს არის.

ესკიზის ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები