რატომ ლაპარაკის ნაცვლად?

0 კომენტარი

 “საშუალოზე დაბალი ინტელექტის მქონე მღვდელი უფრო ადვილად აჯერებს ხალხს იმას, რომ იაპონია ცოდვებისთვის დასაჯა კომბლიანმა ღმერთმა, ვიდრე სააკაშვილი ახერხებს მიიტანოს მათთან ძალიან მარტივი იდეები”.
გიორგი ლიფონავა

გასულ თვეში, რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის გარეშემო ამტყდარმა აურზაურმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში, თავისუფლების იდეა, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.  
ამ მოვლენამ, ზოგს ცივილიზაციათა შეჯახების შესახებ ჰანტინგტონის თეორია გაახსენა და მართლმადიდებლობისა და დემოკრატიის თავსებადობასთან დაკავშირებულ კითხვებს ახალი სიმწვავე შესძინა.
ისტორია გვიჩვენებს, რომ პოსტკომუნისტური ტრანზიცია პროტესტანტული და კათოლიკური ქვეყნებისთვის ბევრად ადვილი აღმოჩნდა – მათ შორის, ცენტრალურ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. მართლმადიდებელ სამყაროში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია – პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება, საზოგადოების შეთანხმება დემოკრატიული თამაშის წესების ირგვლივ და დასავლეთში ინტეგრირება, დიდი ხნით გაჭიანურდა. 
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებლური სწავლება არის შეუთავსებელი დემოკრატიასთან და დასავლეთთან. მე-19 საუკუნეს თუ გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ განსხვავებით პროტესტანტული ეკლესიისგან, კათოლიკური ეკლესიაც მოდერნიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა, რომ არა ერთგვარი რეფორმაცია, რომელიც 1891 წელს, ლეო XIII-ეს ენციკლიკით (Rerum Novarum – ახალი მოვლენების შესახებ) დაიწყო და 1965 წელს ვატიკანის მე-2 კრებით დასრულდა. 
ფერადი რევოლუციების ტალღამ, დემოკრატიული უნივერსალიზმის მომხრეებს თითქოს ახალი არგუმენტები მისცა, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და უკრაინაში, ნარინჯისფერი ძალების კატასტროფული მარცხის
შემდეგ, ძველი რეჟიმის რესტავრაცია მოხდა. 
საქართველო ზიგზაგებით, მაგრამ მაინც წინ მიდის.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიერ დასავლური ფასეულობების სრულად გათავისებას აბრკოლებს, თავად დასავლეთის გაორებული დამოკიდებულებაა. ეს იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრირება ჭიანურდება – ევროპის საბჭო იკმარეთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის მზად არ ხართ – გვეუბნებიან ისინი.  
ცხადია, ქართულ დემოკრატიას ჯერ კიდევ ფუნდამენტური პრობლემები აქვს. მაგრამ, ისიც ნათელია, რომ ინტეგრაციის პროცესის მთავარ დაბრკოლებას ეს კი არა, რუსეთი წარმოადგენს. საილუსტრაციოდ ალბანეთიც საკმარისია, სადაც MAP-ი (წევრობის სამოქმედო გეგმა) 1999 წლიდან ამოქმედდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფასეულობათა გათავისება, ხშირად არა იმიტომ ხდება,  რომ ადამიანები ამ ფასეულობებს აანალიზებენ და სწორად მიიჩნევენ, არამედ იმიტომ, რომ ის წარმატებასთან და ძლიერებასთან არის ასოცირებული. წარმატებული ადამიანების რიცხვი საქართველოში არცთუ ბევრია – ქვეყნის მოსახლეობის 70% თავს უმუშევრად მიიჩნევს. ქართველებს დასავლური ღირებულებების ძლიერებასთან დაკავშირებაც უჭირთ, რადგან მაშინ, როდესაც საქართველო ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგება, დასავლეთი ძალის დემონსტრირების ნაცვლად, ყველასთვის კარგად ნაცნობი შეშფოთებით შემოიფარგლება. 
რუსეთი კი, უშფოთველად, როგორც მეუფე იობის ეპარქიის გამოცემა – ქვაკუთხედი ხატოვნად ამბობს, “ზეციური მარწუხებით” – იგივე რუსული ბლოკ-პოსტებით აკავებს ჩვენს თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციას.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოების ფასეულობები ადვილად არ იცვლება. ეს არ არის წინდა, რომელსაც გაიხდი და ახალს ჩაიცვამ. საზოგადოებრივი მენტალიტეტის ტრანსფორმაცია ბევრად უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე, თუნდაც, ჩვენი მოდერნიზაციის სავიზიტო ბარათი – პოლიციის რეფორმა. სამწუხაროდ, დრომოჭმულ ფასეულობებს, კორუმპირებული საგზაო ინსპექტორებივით, სამსახურიდან ვერ დაითხოვ. 
განსხვავებით პოლიციის რეფორმისგან, საზოგადოების ფასეულობების შეცვლას მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეძლებს – საზოგადოების ცნობიერების ძირეული გარდაქმნა ყველაზე ტოტალიტარულ ქვეყნებშიც კი უჭირს სახელმწიფოს. ხელისუფლების გარდა, ფასეულობების ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება, მედია და კულტურა. 
უკანასკნელმა მოვლენამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ამ ინსტიტუტების იმედი ვერ ექნებათ. სიბნელესთან ბრძოლაში ისინი, როგორც წესი, კონსპირაციის თეორიებს აგებენ, საბაბს ეძებენ, რის გამოც სულისკვეთების გაზიარებაზე უარს იტყვიან და ხელს დაიბანენ, ან უმწეობას იჩენენ, ანდაც ბარიკადის მეორე მხარეს დგებიან.  
“ჩიპმებრძოლთა” წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილი ხელისუფლება თავს მოდერნიზაციის ერთადერთ ლოკომოტივად გრძნობს. მის აროგანტულობას გარკვეულწილად ესეც ასაზრდოებს. უპასუხისმგებლო და მხდალ ძალებთან საუბარს უაზრობად მიიჩნევს. თვლის, რომ ამაზე დროის კარგვა მოწინააღმდეგის მიერ გაუბედაობად და სისუსტედ იქნება აღქმული. ამიტომ კავალერული შეტევებით ცდილობს რეფორმების გატანას. ხოლო ის სივრცე, რაც ნორმალურ პირობებში დისკუსიას უნდა ეკავოს, ასეთ პირობებში სანახაობით და რეკლამითაა შევსებული, რომლის მიზანი არა რაციონალური მსჯელობა, არამედ დადებითი ემოციების გამოწვევაა. 
ემოციურმა ინჟინერიამ, მოკლევადიანი სარგებელი, ცხადია, შეიძლება მოიტანოს, მაგრამ იდეათა ომს ასე ვერ მოიგებ. უფრო მეტიც, ტენდენცია, რომელიც პოლიტიკას რეკლამად აქცევს, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო იმ ფასეულობებისთვის, რომელთა სადარაჯოზეც ვდგავართ.  
რასაკვირველია, რეკლამას და მარკეტინგს, თავისი წვლილი შეაქვს კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში. მაგრამ ერთიც და მეორეც ადამიანის სურვილებზე და ემოციებზეა მიმართული. დემოკრატია კი გონებას და ინფორმირებულ მოქალაქეს ემყარება და არა – გრძნობებს.
ამასთანავე, გადაჭარბებული იქნებოდა მტკიცება, რომ თუ პოლიტიკური ლიდერი გადაწყვეტილებას რაციონალურად განმარტავს, ყველა ყველაფერს შეიგნებს და წინააღმდეგობა აღარ შეხვდება. რეალურად ყოველთვის იარსებებენ ჯგუფები, რომლებსაც პრაგმატული, იდეოლოგიური თუ პატივმოყვარეობიდან გამომდინარე მოტივებით მისი გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებთ და შეიძლება გააფთრებული წინააღმდეგობაც გასწიონ. სიცხადე პირველ რიგში იდეური მხარდამჭერის გასამხნევებლად და მიუმხრობელი ამომრჩევლის დასარწმუნებლადაა საჭირო. 
სინამდვილეს რომ თვალი გავუსწოროთ, დავინახავთ, რომ ანტილიბერალური ძალები გაუცნობიერებლად არ მოქმედებენ. მათ საკუთარი სიმართლის რწმენა და კონკრეტული იდეა ამოძრავებთ – მართალია ბნელი, მაგრამ ნათლად დასახული მიზნის მისაღწევად იბრძვიან. 
ამ ბრძოლაში თავისუფლების ბედი წყდება. 
ამას თუ გავითვალისწინებთ, ნათელი ხდება, რომ გართობასა და ემოციაზე ყურადღების გადატანის პრაგმატული პოლიტიკა, მთელი მისი მაკიაველური ეშმაკობით, გულუბრყვილოა – იდეით მოტივირებულ ადამიანს, სანახაობა ვერც შეხედულებას შეაცვლევინებს და ვერც მუხტს გაუნელებს.
ეს იმიტომ, რომ იდეის ჩანაცვლება მხოლოდ სხვა იდეას შეუძლია. ფასეულობების ომში გამარჯვების აუცილებელი წინაპირობა მოწინააღმდეგეზე მორალური უპირატესობის მოპოვებაა, რისთვისაც საჭიროა ცხადი გახადო, თუ რას და რისგან იცავ, ვის და რისთვის ებრძვი და ამის გარშემო მოახდინო საზოგადოების კრიტიკული მასის კონსოლიდაცია. 
ამ მიზანს იდეით მოტივირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანები აღწევენ და არა ფლუგერები, რომლებიც იქით იხრებიან, საითკენაც კონიუნქტურის სიო უბერავს. პოპულარობას დახარბებული
პოლიტიკოსი, რომელიც კრიტიკულ ვითარებაში, დინების წინააღმდეგ წასვლას გაურბის, ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს ვერ დაიკავებს.
პოლიტიკოსები არჩევნებს იგებენ, ან აგებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შედეგი მოაქვთ – წარმატების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოების დარწმუნების უნარია. თუ ამას შეძლებ, ნებისმიერ სიძნელეს ხალხი იმედით შეხედავს. ფრანკლინ დელანო რუზველტი ზედიზედ სამჯერ აირჩიეს პრეზიდენტად, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. უფროს ბუშს ამის ნახევარიც არ აპატიეს, რადგან დაკარგეს იმის რწმენა, რომ ლიდერს ესმის ამომრჩევლის, ხედავს პრობლემებს, აქვს მათი გადაჭრის ხედვა და გააჩნია ნება – ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გეგმა ბოლომდე განახორციელოს. 
როცა მმართველი პარტიის ლიდერებმა ზუსტად იცოდნენ – რა უნდოდათ, ზუსტად ხედავდნენ, თუ როგორ უნდა მოეწყოთ ჩვენი ქვეყანა და, რაც მთავარია, გააჩნდათ მტკიცე ნება, რომ ებრძოლათ საკუთარი პრინციპებისათვის, მაშინ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა – დაძლიეს შეუმდგარი სახელმწიფოს უძრაობა, დაამარცხეს კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული, შექმნეს მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სამსახური, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს, გაზარდეს მოსახლეობის ოპტიმიზმი. მათ ჰქონდათ პოზიტიური ხედვა, ხშირად არაპოპულარული, რომლის გამოხატვას და ადვოკატირებას არ ერიდებოდნენ.
დღეს, განსხვავებით მმართველობის პირველი წლებისგან, ისინი თავის დღის წესრიგს, საზოგადოებას, თამამად ვეღარ სთავაზობენ – უჭირთ არაპოპულარული პოზიციის დაკავება. ამაზე რეფორმების დაგდებული ტემპი მეტყველებს. ისინი თითქოს გაურბიან სიცხადეს. პრობლემას იმიჯში ხედავენ და ამის გამოსწორებას რეკლამითა და მარკეტინგული ილეთებით ცდილობენ. 
მმართველი ძალა მოქმედებს ლოზუნგით: “საქმე ლაპარაკის ნაცვლად”. რატომ ლაპარაკის ნაცვლად? ვითომ ხალხი უკვე ყველაფერს მიხვდა და საზოგადოებისთვის არაფრის ახსნა საჭირო აღარ არის? ეს რომ ასე არ არის, ყველაზე ნათლად განსაცდელის ჟამს ვლინდება. 
არსებითი პოლიტიკური დებატის ნაცვლად იმიჯზე კონცენტრირებას ზოგიერთი, არც თუ უმიზეზოდ, იდეათა ბრძოლის ველიდან გასვლად მიიჩნევს. სხვები თვლიან, რომ რევოლუციური ენერგეტიკა დაიკარგა და ვარდების რევოლუციის იდეალიზმი, კომფორტულმა პრაგმატიზმმა ჩაანაცვლა. ეს ბევრის თვალში საკუთარ ფასეულობებში რწმენის უქონლობად და, საბოლოო ჯამში, სისუსტედ აღიქმება. სისუსტე კი ყოველთვის მოწინააღმდეგის აგრესიის მაპროვოცირებელია – რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველი ძალა მზად არ არის იდეისთვის სერიოზულად საბრძოლველად. 
ყველასთვის ცხადია, რომ სააკაშვილი არა მარტო გამარჯვებული პარტიის, არამედ სახელმწიფოს მეთაურიცაა. პრეზიდენტმა არა მხოლოდ უშუალოდ მისი ამომრჩევლების დაკვეთა უნდა შეასრულოს, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესები უნდა წარმოადგინოს, მათ შორის მათიც, რომლებმაც არჩევნებზე ხმა სხვა კანდიდატებს მისცეს. 
ვიცით, რომ ამ ორ მიზანს შორის დელიკატური ბალანსი რთული დასაცავია. ქვეყნის მეთაურმა, ერთი მხრივ, უნდა მოახდინოს იდეურ მხარდამჭერთა მობილიზაცია, იმიტომ რომ მათ გარეშე კრიტიკულ ვითარებაში ვერ გადარჩება. მეორე მხრივ, არ უნდა დაუშვას მერყევი ამომრჩევლის გაუცხოება. სხვაგვარად ის არჩევნებს ვერ მოიგებს – საარჩევნო არითმეტიკა, სწორედ ამ ორი ფაქტორის ურთიერთშეთანხმებაში მდგომარეობს. 
მაგრამ არჩევნების მოგება ერთია, და თავისუფლების გამარჯვება მეორე. უკვე ვთქვით, რომ ფასეულობათა ბრძოლაში სიბნელის დამარცხებას, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს. ცხადია, რომ ოპორტუნისტები და სერვილური ცნობიერების ადამიანები მას გადამწყვეტ მომენტში უმტყუნებენ, რაც თავისუფლების მტრებისთვისაც თვალსაჩინოა. მიზნის მისაღწევად ხელისუფლებამ, როგორც პოლიტიკურ კლასსა და სამოქალაქო საზოგადოებაში, ისე მედიასა და კულტურის სფეროში, ისეთი პარტნიორები უნდა გამონახოს, რომლებიც მზად არიან, ამ ღირებულებებისთვის შეუპოვრად იბრძოლონ და პასუხისმგებლობას არ შეუშინდნენ. ედმუნდ ბერკი როგორც იტყოდა – “აქ და ახლა, ბოროტება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ კარგი ადამიანები უქმად იქნებიან”. 
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები