ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლიკა ბარაბაძე

ფსიქოლოგის ბლოგი: ბაღის ინციდენტი, აუტიზმი, ეპი-ნემსი და ჩამოვარდნილი ბავშვი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მისალმება

ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, ამდენი „მე მიყვარს ფსიქოლოგია“, „როგორ მაინტერესებს ფსიქოლოგია“ და მსგავსის მოსმენის შემდეგ, ფსიქოლოგის ბლოგის წამოწყება გადავწყვიტე.

 წარმოგიდგენთ პირადსა და საჯაროს, მოკრძალებულსა და განდიდებულს, უცნაურსა და ჩვეულებრივს,მოკლედ, ერთ ბლოგს წარმოგიდგენთ, ფსიქოლოგისა და ფსიქოლოგიის შესახებ.

ყველას გვაწუხებს კითხვა „ვინ ვარ მე“, ხოდა მეც გეტყვით, რომ მე ლიკა ვარ, ნეიროფსიქოლოგი და გეშტალტ კონსულტანტი. ბევრი უცნაური სიტყვა ჩამოვყარე: ნეიროფსიქოლოგია თავის ტვინის დაზიანების შედეგად გამოვლენილ ფსიქოლოგიურ დარღვევებს შეისწავლის, ხოლო გეშტალტ კონსულტაცია - კლიენტებთან პირისპირ შეხვედრასა და საუბარს გულისხმობს.  არა, ფილმებში ტახტზე რომ ყავთ ხალხი გაგორებული,  ასე არ ვმუშაობ, მე და კლიენტი თანაბარ სიმაღლეზე ვსხედვართ (პირდაპირი გაგებით).  სხვადასხვა გეშტალტ მეთოდის გამოყენებით - დიალოგი, ფსიქოდრამა, ართ თერაპია - ახლა და ამჟამად არსებულ სინამდვილეში ვმუშაობთ.

ბაღის ინციდენტი

პირველი პოსტი „ბაღის ინცინდენტს“ მინდა დავუთმო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეუღლემ სოციალურ ქსელში ერთი დედის სტატუსი მანახა, აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვი ბაღში ძიძამ სცემაო. აღვშფოთდი, რა თქმა უნდა. შემდეგ, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა დამირეკა, ამის შესახებ რას ფიქრობთო. რა უნდა მეფიქრა, ერთი სტატუსის და მრავალძახილისნიშნიან კომენტების გარდა არაფერი მენახა.  ახლაც არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში. მხოლოდ ვარაუდები გამაჩნია.

ვფიქრობ ძიძაზე, თუკი მართლა დაარტყა ბავშვს, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე? არ იცოდა პრობლემასთან გამკვლავების რა სტრატეგიები გამოეყენებინა? ანუ, ასე რომ გვიყვარს ეს ფრაზა, „ინფრომაციის ნაკლებობას“ განიცდიდა? თუ რამდენი ინფორმაციაც არ უნდა მიეღო, მაინც ვერ მიხვდებოდა, რატომ უნდა სწავლობდეს „ჩვეულებრივ“ ბაღში აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვი? უსუსრობაა ეს, უცოდინრობა, რიგიდულობა, სტრეოტიპების მიყოლა თუ რა?

დედაზეც ვიფიქრე, სტატუსში ჩანდა, გული როგორ ტკიოდა, ჩიოდა, სადღა მივიყვანო ჩემი ბავშვიო. უბრძოლია, ფსიქოლოგიც მოიყვანა, ჩართო ამ საქმეში. თუმცა, აქაც გამიჩნდა შეკითხვები, რამდენად კარგად იცის მშობელმა თავისი შვილის მდგომარეობა ან თუნდაც რამდენად შეუძლია ამ მდგომარეობის სხვისთვის ახსნა. ფრაზა „ჩემი ბავშვი უბრალოდ არ ლაპარაკობს“, ვერ მოამზადებს არაინფორმირებულ ადამიანებს სპეციალური საჭიროებების ბავშვთან სამუშაოდ.

აუტიზმი

აგორდა რეპორტაჟები, ბოლომდე კი ვერავინ გარკვეულა. აუტიზმი საკმაოდ რთული და ბურუსითმოცული თემაა. მისი სიმბოლო - პაზლი- ამ მდგომარეობის ამოუცნობ ბუნებაზე მიგვითითებს. დანამდვილებით დღემდე არავინ იცის, რა იწვევს აუტიზმს. რაც დრო გადის, მისი განმარტება უფრო და უფრო ფართოვდება. სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოს DSM 5 მიხედვით, ცნება „აუტისტური სპექტრი“ გაღრმავდა და საკმაოდ ბევრი განსხვავებული შემთხვევა გააერთიანა. თუმცა, მათ ყველას უდევს საფუძვლად 2 მთავარი ფაქტორი: სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქციის სირთულეები და შეზღუდული, განმეორებითი  ქცევა და ინტერესები.

შესაბამისად, კომუნიკაციის ჩვეული სახის გერეშე, უფროსებს და ტოლებს უჭირთ აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვის საჭიროების გაგება. ამიტომაც არის ეს მდგომარეობა მძიმე.  ამ დროს ხშირია კონფლიქტი - მაგალითად თავისებური ქცევის გამო, ბავშვმა შესაძლოა მთელი დღე არ გაუშვას ხელიდან ერთი სათამაშო. ეს არც ეგოიზმია, არც რიგ-რიგობით თამაშის აუთვისებლობაა, არც აგრესიულობაა და არც მავნებლობა. ეს ამ მდგომარეობისათვის დამახასიათებელი, მოსალოდნელი ქცევაა. ამ შემთხვევაში სათამაშოს გამორთმევას შესაძლოა საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვეს. აქ კი უკვე ბავშვთან მომუშავე პირის პროფესიონალიზმი ხდება წამყვანი - რას იზავს ამ უცნობ სიტუაციაში, როგორ მოაგვარებს ბავშვებს შორის არსებულ გაუგებრობას. შესაძლებელია ზედმეტი ემოციების გარეშე მეორე ბავშვს სხვა სათამაშო მისცეს და მისი ყურადღება გადაიტანოს. გრძლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვთანაც მუშაობა, სათამაშოს დათმობისას მისი დაჯილდოვება, იმით, რაც უყვარს. თუმცა, ასევე მოსალოდნელია, რომ ზემოთჩამოთვლილი ერთი სტრატეგიაც არ გამოდგეს ეფექტური და ბავშვების ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სხვა, მესამე გამოსავალი არსებობდეს. ამის წინასწარ სწავლა, განსაზღვრა, ტრენინგი შეუძლებელია. ადამიანი ამას პრაქტიკაში იღებს. მთავარია იცოდეს - მოცემულობა ამ ბავშვისათვის დამახასიათებელი ქცევაა და ეს კატასტროფა არაა. მას უბრალოდ განსხვავებული მიდგომა სჭირდება.

განსხვავებული მიდგომისა და სულ მწირი ინფორმაციის გარეშე, ბავშვთან მომუშავე ადამიანს შესაძლოა არარეალური მოლოდინები ჰქონდეს. არარეალურ მოლოდინებს კი უარყოფითი ემოციების მთელი სპექტრი მოჰყვება - უსურობის განცდა, ბრაზი, მიუღებლობა, აგრესია. გაუგებარია, დაარტყა თუ არა ძიძამ ბავშვს, მაგრამ სრულებიდ გასაგებია, რომ მოხდა ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა.

ამავე დროს, ვიცით, რომ ყველაფერი ხდება. ბაღში ბავშვები ეცემიან, თავს არტყამენ, მუხლებს იტყავებენ. ბავშვები კი არა და ამის წინ ჩემი მეგობარი და კოლეგა ისე დაილეწა ველოსიპედზე, 1 თვეა დალურჯებულ ხელ-ფეხს გრძელ, ფარფატა ტანსაცმელში მალავს. აქ დამაფიქრებელია მშობლის მიერ გაკეთებული განაცხადი, ჩემს ბავშვს სულ ასე ექცევა და სხვა მშობლებსაც ამხედრებსო. ეს კი ნამდვილად უგულებელყოფაა. რაც წესით კანონით ისჯება.

ეპი-ნემსი და ჩამოვარდნილი ბავშვი

და მაინც, ამის ნაცვლად რა გვინდა? საით მივდივართ?Quo vadis?

ბაკალავრიატი ახალდამთავრებული მქონდა, კოლორადოში ბავშვთა განვითარების ცენტრში რომ დავიწყე მუშაობა.  ივლისში საზაფხულო ბანაკის მსგავსი რამ გვქონდა და ბავშვებს ყოველდღე მთელი დღით ვიტოვებდით. პირველ დღეს 4 წლის შვილის დედამ დამიძახა. ბავშვს ქამარზე პატარა ჩანთა ჰქონდა, ის გაუხსნა, ეპინეფრინის შპრიცი ამოიღო და დეტალურად მანახა (თან მავარჯიშა), აი ასე უნდა ჩაარჭო ეპი-ნემსიო. ბავშვს ნიგოზსა და თხილზე საშინელი ალერგია ჰქონდა, ხოდა არმხოლოდ ჭამაზე, სხვების მიერ ნაჭამის ტუჩებზე ხელის დადება და შემდეგ ამ ხელის პირში ჩადებაც კი ბავშვის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა - ალერგიული რეაქციის გამო სასწრაფოს მოსვლამდე დაიხრჩობოდა. ხოდა, ვიდექი ელდაგადაკრული და ვფიქრობდი, ახლა ეს ბავშვი რომ შუა ცენტრში დავარდეს, ნეტა რა მეშველება, ნემსს როგორ შევარჭობ-მეთქი.  მშობელი კი დინჯად მიხსნიდა, კი არაფერი მოხდება, ყოველი შემთხვევისთვის იცოდეთ, ეს ნემსი სულ თან დააქვსო. თან იცის, რამე რომ მოხდება, შერჭობა რომ უნდა ითხოვოსო.

იმ დღემდე საერთოდ არ ვიცოდი, მძიმე ალერგიის დროს  როგორ უნდა მემოქმედა. მაგრამ, ამიხსნა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ისიც ამიხსნა, რა უნდა გავაკეთო. დაგეგმილი ინტერვენცია სულაც არ მახარებდა - გული გამისკდა, სიმართლე რომ გითხრათ - აქამდე არ გამიკეთებია 1 ნემსიც კი. თუმცა ეპი-ნემსი სულ სხვა „ცხოველი“ ყოფილა, წვერი არ ჩანს და ფეხში ჩარჭობაც ადვილია. ის კი არა, ბავშვმაც კი იცოდა მისი გაკეთება. მოკლედ, ავად თუ კარგად, ის დღე მზად ვიყავი, ბავშვი სიკვდილს გადამერჩინა. მეორე დღეს ცოტათი მოვეშვი. მესამე დღეს თან იმას ვახერხებდი, სხვებთან მეთამაშა და კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი, თან თვალის კიდით ეპი-ნემსიან ბავშვსაც მუდამ ვმეთვალყურეობდი. მეოთხე დღეს კი მივხდი, გამახვილებული ყურადღება მხოლოდ დილით - რა ვიცი ვინ რა ჭამა სახლში - და ლანჩის შემდეგ - რა ვიცი ვინ რა ჩაყარა უნიგვზო საკვებში- მჭირდებოდა. თუ პირველი 5 წუთი ალერგიული რეაქცია არ იყო, ამ ბავშვს საერთოდაც არ სჭირდებოდა დამატებითი ყურადღება. მეხუთე დღეს სულაც არ გამოვარჩევდი სხვებისაგან. სამწუხაროდ, როგორც კი „თლა კომფორტულად“ ვიგრძენი თავი, ბანაკი მორჩა.

თუმცა, ეს გაცნობიერება, რომ ბავშვის სიცოცხლის რისკის წინაშეც კი შემიძლია წყნარად ვიყო, მას მერე დამყვება. ნემსის ჩხვლეტას აუტიზმის დროს აუცილებელ ინტერვენციას ვერ შევადარებ, მაგრამ განწყობა - რომ განსხვავებული მიდგომა სამყაროს დასასრული არ არის, რომ მისი განხორციელება ჩემს ხელშია - ანალოგიურია. ის  რთული მდგომარეობის მქონე უამრავ ბავშვთან ურთიერთობისას მიწყობდა ხელს. ამ განწყობის ჩამოყალიბებაში კი უმნიშვნელოვანესი როლი იმ მშობელს უჭირავს, გვერდზე რომ დამისვა და გადამეტების, მაგრამ გაიოლების გარეშედაც, დაწვრილებით ამიხსნა, რა უნდა გამეკეთებინა. თან ეს ისეთი აუღელვებელი ტონით მოახერხა - ბავშვიც იქვე იდგა - მივხი, რომ მოსალოდნელი სცენარი კატასტროფა არ იყო. მადლობა მას.

ამავე ცენტრში, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ერთხელ „შვედური კედლიდან“ ჩამოვარდა ბავშვი. ზურგით დაეცა. მთელი დღე ტიროდა. მეც მთელი დღე ცუდად ვგრძნობდი თავს. თუმცა, ლეიბზე დაეცა და არაფერი დაუზიანდა.  წინა დღეს, ცენტრს რომ ვაწყობდით (ნივთებს, სათამაშოებსა და ავეჯს ადგილმედაბარეობას ყოველ ორშაბათს ვუცვლიდით), ჩემმა კოლეგამ გარემოში არსებული რისკები შეაფასა და საფრთხის პრევენცია მოახდინა. ეს ახლა ვარქმევ ამ პროცესს ასეთ მნიშვნელოვან ტერმინებს,თორემ მაშინ უბრალოდ ოთახში დავბოდიალობდით და ვფიქრობდით, ბავშვები რომ ვიყოთ, სად შეიძლება დავეზნეყვოთ-თქო. ამ ბოდიალში „შვედური კედლის“ ქვეშ ლეიბი მოვათავსეთ. ისე, ყოველი შემთხვევისათვის. ხოდა, გამოგავდგა კიდეც.

ერთგვარი დასკვნა

იმისათვის, რომ ლეიბი დავდოთ, მხოლოდ ლეიბი არ არის საჭირო. იმდენად გადავერთვეთ ტრენინგებზე, რაციონალურ დამოძღვრაზე, რომ დაგვავიწყდა, მთავარია მზაობა, ოთახი დავიაროთ და არსებული ლეიბი მოვიტანოთ. თუკი ლეიბი არაა, ღრუბელი დავაფინოთ, თუკი ღრუბელი არ გვაქვს, ბავშვს გვერდზე დავუდგეთ და თუკი 30 ბავშვია და ერთს ვერ დავუთმობთ ყურადღებას -„შვედური კედელი“ დავბლოკოთ და დღის განსაზღვრულ მონაკვეთში, რიგ-რიგობით ავიყვანოთ ბავშვები.

რამდენი „თუკი“ არსებობს...

გამოწვევა უამრავია, გამოსავალი - უფრო მეტი.

თუკი დავინახავთ.

მცირე ინფორმაცია ავტორის შესახებ

ლიკა ბარაბაძე პირადი ფსიქოკონსულტანტია და ზურაბ საბახტრაშვილის სახელობის კლინიკის ბაზაზე ფსიქოლოგიურ კონსულტაციას ნებისმიერი ასაკისა და დაკვეთის მქონე პირებს უწევს. ამავდროულად მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციაში შშმ საკითხებზე მუშაობს.

ლიკამ ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი კოლორადოს სახლემწიფო უნივერსიტეტში, ხოლო კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში მაგისტრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიიღო.

მისი სამუშაო გამოცდილება  ბავშვთა განვითარების, ქცევის მართვისა და ინკლუზიური განათლების სფეროებს მოიცავს.

ამჟამად თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში, რიგის გეშტალტ ინსტიტუტის მოწვეული ლექტორების ხელმძღვანელობით, გეშტალტ კონსულტანტის მუდმივი, გრძელვადიანი პროგრამის მონაწილეა.

ლიკა ბარაბაძე ფსიქოლოგი

პ.ს. გნებავთ დამატებითი მასალა ფსიქოლოგიურ საკითხებზე? გსურთ კითხვების დასმა? ეწვიეთ ჩემს გვერდს https://www.facebook.com/fsikoterapia

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები