ზაქარია ქუცნაშვილი

ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ბატონი გავრილოვი არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი - ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ჩვენ კარგად გადავამოწმეთ, შესაბამისი სპეციალური სამსახურების ჩართულობით შევამოწმეთ ყველა დელეგაციის წევრი. ორს, სამწუხაროდ, აღმოაჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული და მათ უარი ეთქვათ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში შემოსვლაზე.

ასე რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. და როგორც ყველა ინფორმაცია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს მხოლოდ ორ ფუნქციას და თავისი თავის აქტუალიზაციას პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე.

აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა 17 ივნისს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

გიორგი კანდელაკი

ბატონ ქუცნაშვილს უთქვამს რუსი დეპუტატები სწორედაც რომ უნდა შემოვუშვათ, იმიტომ რომ ოკუპაციის კანონი არ დაურღვევიათო და აზრის გამო ხომ არ დავუშლით შემოსვლასო. გავრილოვი, სუხარევი და ჩეპა არ უნდა შემოვუშვათ არა ოკუპაციის კანონის არდარღვევისთვის (რაც ჩემთვის ცნობილი არაა) არამედ იმიტომ რომ:

გავრილოვი, რომელიც კაგებედანაა გამოსული, მონაწილეობდა აფხაზეთის ომში ჩვენ წინააღმდეგ, როცა ბომბავდნენ სოხუმს და იქ ათასობით ადამიანი დაიღუპა. როგორც ჩანს გავრილოვის ბიოგრაფიის ეს ეპიზოდი ბატონი ზაქარიასთვის მისაღებია. გარდა ამისა, იგი აქტიურად მონაწილეობდა დნესტრისპირეთის ამბებში და ახლაც ჩართულია. აქტიურად მუშაობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის და ზოგადად უკრაინის წინააღმდეგ. სადამ ჰუსეინის გვერდით იდგა და მას ეხმარებოდა ერაყის ორივე ომის დროს გენადი ზიუგანოვთან ერთად. გარდა ამისა, კოსოვოში ჩნდება, როცა იქ მილოშევიჩი ეთნიკურ წმენდას ახორციელებდა, რასაც ნატოს ინტერვენცია მოყვა. აი ამგვარი ბიოგრაფიის ადამიანის შემოშვება "ოცნებას" მისაღებად მიაჩნია.

სუხარევი არაერთხელაა ნამყოფი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებზე, სადაც უკვე 12 ათასი ადამიანია დაღუპული. ბოლოს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაციაზე, რის გამოც აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. ამ ბატონის შემოშვება უკრაინის მიმართ უაღრესად არამეგობრული ნაბიჯი იქნება, სხვა ყველაფერთან ერთად.

ხვალ ამ რუსი დეპუტატების ჩვენს ტერიტორიაზე შემოშვება მთავრობის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იქნება.

17 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე უპასუხა.
მოკლე ბმული: