შვედეთი-ფინეთი-NATO

ფინეთის პრეზიდენტი: ღიად და პირდაპირ ვესაუბრე ერდოღანს, ფინეთი გმობს ტერორიზმს

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე
Antti Aimo-Koivisto/Lehtikuva/AFP/Getty Images

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს თქმით, ის "ღიად და პირდაპირ" ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რათა ფინეთის NATO-ში გაწევრიანება განეხილა. 

მანამდე, თურქეთმა აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის გამო ფინეთი და შვედეთი NATO-ში არ უნდა გაწევრიანებულიყვნენ. 

"ფინეთი გმობს ტერორიზმის, მის ნებისმიერ ფორმასა და მანიფესტაციას. დახურული დიალოგი გრძელდება". - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები