ბორჯომი

ღარიბაშვილი: ბორჯომს ოპერირებაში პრობლემა აღარ ექნება, დასაქმებულები მშვიდად უნდა იყვნენ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კომპანია ბორჯომს მუშაობაში პრობლემა აღარ ექნება და ბრენდი ოპერირებას გააგრძელებს. ღარიბაშვილის თქმით, საკითხი რამდენიმე დღეში მთავრობის სხდომაზე გადაწყდება და დასაქმებულები მშვიდად უნდა იყვნენ.

"ამ საკითხზე ჩვენ დაპირებისამებრ აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთანაც, მფლობელებთანაც, ყველასთან გავიარეთ საკითხი. იცით, რომ არის შემოთავაზება, სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენს ქვეყანას ჩუქნიან წილს, რომელიც, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს. მე უკვე დავავალე ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ბორჯომს ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას, ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა მათ მივმართო, რომ პრობლემა იქნება ამოწურული". – თქვა ღარიბაშვილმა.

IDS​ ბორჯომი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კომპანიის მართვაში მონაწილეობის უფლება ექნება, შესაბამისად, ჩნდება პერსპექტივა, რომ ბორჯომის ორივე ქარხანამ შეჩერებული საწარმოო პროცესი განაახლოს.

კომპანია ბორჯომმა სანქციების გამო წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ძირითად სარეალიზაციო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებაა, რასაც ემატება საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა.

IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group-ი ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. Alfa Group მოიცავს რუსეთის ტოპ კერძო ბანკს Alfa Bank-სა და 7 კომპანიას -. მასში IDS Borjomi International-იც შედის.

კომენტარები