ზაზა სარალიძის საქმე

დღის ფოტო: რუსთავში ზაზა სარალიძის სასამართლო პროცედურები დაიწყო

ტაბულა

რუსთავში ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის მოსამართლე ქეთევან ლუაშვილია. დღეს იმ სხდომის თარიღი უნდა განესაზღვრათ, რომელზეც სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდნენ. 

თუმცა, უწყებამ აღკვეთის ღონისძიება აღარ მოითხოვა. პროკურორ ლევან ჯალაღანიას თქმით, სარალიძის მიმართ აღკვეთის საფუძვლები არ არსებობს. მანამდე პროკურატურა გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებდა.

დღესვე განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი, რომელზეც მხარეები მტკიცებულებებს წარმოადგენენ - ის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. 

სარალიძეს ბრალი 26 ოქტომბერს, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ინციდენტი, რისთვისაც სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები