რეკლამა

პაატა რატიანი: სამედიცინო ტურიზმი სხვადასხვა ქვეყანაში

მოკლედ მიმოვიხილოთ განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკისა და კულტურის მქონე ქვეყნებში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მდგომარეობა.

ინდოეთი  

2014 წელს პირველად შემუშავდა ტურიზმის სფეროში ნაციონალური სტრატეგია 14 წლის პერსპექტივაზე გათვლით. ახალი პოლიტიკა მიმართულია დამოუკიდებელი ნაციონალური ტურისტული ორგანოს - ადმინისტრაციის შექმისაკენ, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან როგორც მთავრობა, ასევე კერძო სექტორი. მიზანი - ტურისტული პროდუქტების რაოდენობის ზრდა და მათი მსოფლიო ბაზარზე გატანაა. იგეგმება: იოგის პოპულარიზაცია (მათ შორის იოგის საერთაშორისო დღის დაწესება), აიუვერდას, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობა. ეს ორგანო შექმნის სამედიცინო ტურიზმის საბჭოს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროთა კოორდინირებულ თანამშრომლობას. საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ტუროპერატორები, რომლებიც სამედიცინო ტურიზმით არიან დაკავებული. სულ ახლახანს ჩაეშვა ახალი პორტალი ინდოეთის სამედიცინო ტურიზმზე, სადაც მიიღებთ ზუსტ და დინამიურ ინფორმაციას, განკუთვნილს პოტენციური სამედიცინო ტურისტებისათვის. უახლოეს მომავალში, აპოლოს კლინიკათა ქსელის ერთ-ერთ დაწესებულებაში გაიხსნება ქვეყანაში და აზიის რეგიონში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრი. სულ უფრო იზრდება საერთაშორისო (JCI) აკრედიტაციის მქონე ინდური კლინიკების რიცხვი.

ჩინეთი

ქვეყანა განაგრძობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას. მათ შორის ბევრია, ვინც ინტერესდება ტრადიციული ჩინური მედიცინით. 2013 წლიდან კუნძული ჰაინანი ითვლება სამედიცინო ტურიზმის ზონად და დიდი პოპულარობით სარგებლობს პოსტსაბჭოთა პაციენტებშიც. განსაკუთრებით ბევრი პაციენტი ჩამოდის სანატორიებსა და კურორტულ ცენტრებში რეაბილიტაციისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ - ფართოდ გამოიყენება ნემსებითა და მასაჟით მკურნალობა.

საბერძნეთი

ტურიზმისა და ჯანდაცვის სამინისტროები ბოლო დროს მნიშვნელოვნად ავითარებენ თანამშრომლობას მაღალი ხარისხის სამედიცინო ტურიზმის სერვისების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ტარდება სამედიცინო ცენტრების გადამზადება, სერტიფიცირება, რათა უცხოელი პაციენტებისათვის შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. წარმოებს ექიმთა დაზღვევა პროფესიული შეცდომის შემთხვევებისათვის. საბერძნეთში კარგად ესმით სამედიცინო ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა - ეს ბერძნული ეკონომიკისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა და საშუალებას იძლევა მოხდეს ადგილობრივი ჯანდაცვის მოდერნიზაცია, ტურისტული სეგმენტის გაფართოება.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს ქვეყანაში სამედიცინო ტურისტების რაოდენობა. 2017-ის მიზანია წლიურად 500.000 უცხოელი პაციენტის მიღება.

მთავრობა ზრუნავს სამედიცინო ტურიზმის უსაფრთხოებაზე. ავითარებს მარკეტინგულ ღონისძიებებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აქტივობებში, რითაც ზრდის ქვეყნის, როგორც საინტერესო სამედიცინო დესტინაციის იმიჯს. მოქმედებს ვებ-პორტალი - ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც აზიის სამედიცინო ტურიზმის გული.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სამხრეთ კორეისთვის მთავარი ბაზარი სამედიცინო ტურიზმის კუთხით ჩინეთია. ასევე, აშშ, რუსეთი და იაპონია. განსაკუთრებით გამოსაყოფია, კორეული პლასტიკური ქირურგიის ცენტრები, სადაც უმაღლესი დონის მომსახურება და შედეგებია.

ლატვია

ქვეყანა აფართოებს სამედიცინო ტურიზმის ბაზას. რიგაში შენდება ბირთვული მედიცინის უმსხვილესი ცენტრი, რომელსაც წლიურად 3000 პაციენტის მიღება შეეძლება. გამოყენებული იქნება თანამედროვე მედიცინის, ბირთვილი ტექნოლოგიების (მაგ. Pet - CT) ბოლო მიღწევები, რაც სიმსივნური და გულის დაავადებათა ადრეულ დიანგოსტიკას უზრუნველყოფენ. ამასთან, მომსახურების ღირებულება, არსებული პროგნოზებით, 30-40%-ით უფრო იაფი იქნება ვიდრე ლატვიის მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონში. ეს ბუნებრივია გააჩენს მოთხოვნას აღნიშნულ ცენტრსა და მის ირგლივ შექმნილ სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაზე.

 არაბეთის გაერთიანებული საემიროები

ქვეყანაში აქტიურად გრძელდება სამედიცინო ტურიზმის ობიექტების მშენებლობა: 2016 წლის პირველ ნახევარში დუბაის სამედიცინო ქალაქში (Dubai Healthcare City) გაიხსნება ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Hotel -277 ნომრით, მათ შორის 20 - უნარშეზღუდულთათვის. სასტუმრო მოემსახურება სამედიცინო ტურისტებს, განსაკუთრებით სარეაბილიტაციო პაციენტებს. დუბაისა და სხვა ქალაქებში მედიცინის განვითარების კარგ მაჩვენებლად ითვლება ჩატარებული ურთულესო ოპერაციები - მაგ. ორთოპედიული ოპერაცია, რომელიც Burjeel Hospital for Advanced Surgery-ში განხორციელდა. პირველად მსოფლიოში, 5- საათიანი ოპერაციის მიმდინარეობისას ერთდროულად მოხდა 65 წლის პაციენტის 4 სახსრის ჩანაცვლება (2 მენჯ-ბარძაყის და 2 მუხლის). პაციენტის დიაგნოზი იყო მძიმე რევმატოიდული ართრიტი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

 ზოგადი ტრენდი გამოკვეთილია - სახელმწიფო ყველგან აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო ტურიზმის განვითარების მხარდაჭერაში და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. ჩემი პოზიციაა, რომ საქართველომაც აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი მიდგომა და ხედვა, რათა მოვახერხოთ მსოფლიო მედიცინის რუკაზე ჩვენთვის ოპტიმალური ნიშის დაკავება. 

 

კომენტარები