2016 წლის ბიუჯეტი

მთავრობა მომავალ წელს მოგების გადასახადის გაუქმებას არ გეგმავს

iStockPhoto

მთავრობა 2016 წელს მოგების გადასახადის გაუქმებას არ გეგმავს, ამის შესახებ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტიდან გახდა ცნობილი, რადგანაც მთავრობა 0 ლარის ნაცვლად მომავალ წელს მოგების გადასახადიდან 955 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს. 

ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის გაუქმებაზე გასული თვეების მანძილზე მუშაობდა, განიხილებოდა ესტონურ მოდელზე გადასვლა, რაც ამ გადასახადის სრულ გაუქმებას გულისხმობს. სამინისტრომ ესტონური მხარისგანაც მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სექტემბერში თქვა, რომ მოგების გადასახადის გაუქმება სხვა საგადასახადო რეფორმებთან ერთად ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მთავრობა ამ რეფორმების მომავალ წელს დასრულებას არ აპირებს. 

მოგების გადასახადის გაუქმება საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებასთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმის შემადგენელი ნაწილია. ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოებას მოგების გადასახადის გაუქმებას და მის გაცემულ დივიდენდზე 15%-იანი გადასახადით ჩანაცვლებას ჰპირდება. ასევე, საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებას, საწვავსა და გაზზე აქციზის გაუქმებას, ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზის შემცირებას.

მოგების გადასახადის სრული გაუქმების შემთხვევაში ბიუჯეტს ასეულობით მილიონი ლარი დააკლდება, რაც ამ გადასახადის გაუქმების წინააღმდეგ მთავარი არგუმენტია, თუმცა ესტონურ მოდელზე გადასვლა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს. 

კომენტარები