იარაღის შესახებ კანონი

ობამა იარაღის კანონზე: ოჯახები საყვარელ ადამიანებს ჩვენი უმოქმედობით კარგავენ

worldtribune.com

ორეგონის შტატის ქალაქ როუზბურგის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში მომხდარ სროლას ბარაკ ობამა თეთრი სახლიდან გამოეხმაურა და აშშ-ში იარაღის ტარებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს პოლიტიკური არჩევანია. ამერიკაში მსგავსი ფაქტები ყოველ რამდენიმე თვეში ხდება. ჩვენ ერთობლივად ვართ პასუხისმგებლები იმ ოჯახების წინაშე, რომლებმაც საყვარელი ადამიანები სწორედ ჩვენი უმოქმედობის გამო დაკარგეს. როდესაც ამერიკელები მაღაროს აფეთქებების დროს იღუპებიან, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაღაროებში მუშაობა მეტად უსაფრთხო გახდეს. როდესაც ამერიკელები წყალდიდობებსა და ქარიშხლებს ეწირებიან, ჩვენ ასევე ვცდილობთ უსაფრთხოების გაძლიერებას. როდესაც გზები დაზიანებულია, ჩვენ ვცდილობთ მათ შეკეთებას, რათა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შევამციროთ. ასევე, ჩვენ გვაქვს ღვედის გაკეთებასთან დაკავშირებული კანონები, რადგან, კარგად ვიცით, მათ სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. მაგრამ, რატომღაც, იარაღით ძალადობის ფაქტები ყველასაგან განსხვავებულია - მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობენ იარაღის კანონმორჩილი მფლობელები, რომლებსაც რეგულაციების ქვეშ ნადირობა და საკუთარი ოჯახების დაცვა შეუძლიათ, მაგრამ ეს საბოლოოდ არაფერს ცვლის“, - აცხადებს ბარაკ ობამა.  

მისი თქმით, აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ფსიქიკურად არიან ავად და სურთ სხვისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება. 

„ასეთი სროლები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, - აღნიშნავს თავის გამოსვლაში ობამა.

შეგახსენებთ, რომ ორეგონის შტატში ქალაქ როუზბურგის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. 

კომენტარები