ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.2 თეთრით, ევროსთან კი 0.4 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარი დოლართან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა - ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3954 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.44 თეთრით გაუფასურდა. ლარმა სექტემბრის ბოლოს გამყარება დაიწყო, ის დოლართან მიმართებით 7, ევროსთან კი 10 თეთრით გამყარდა, თუმცა გასული ორი დღის მანძილზე კვლავ გაუფასურება დაიწყო. 

2 ოქტომბერი ლარის არსებობის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია, რადგანაც 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ახალი ქართული ეროვნული ვალუტა "ლარი".

მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელის, ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს. ნოდარ ხადურის შეფასებით, ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე ახდენდა უარყოფით გავლენას, სრულად ამოწურულია. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს ყველასთვის ცნობილია.

გამყარების მოლოდინის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის ბიუჯეტის მეოთხე თავში დოლარის სავარაუდო კურსად 2.40 ლარი განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს მთავრობა ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელოდება. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტის $455 მილიონით შემცირებასთან ერთად იმპორტი $561 მილიონით შემცირდა, იმპორტის შემცირება ექსპორტის შემცირებას წელს სრულად აბალანსებს. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. წლევანდელი სავალუტო კრიზისის მინიმუმი კი 21 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

 

კომენტარები