PACE-ს რეზოლუცია

წულუკიანი: პოლიტიკური ორგანოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტრაგედიას ვერ ვხედავ

0 კომენტარი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაესტროს ეთერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. წულუკიანის თქმით, საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური ორგანოა და სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, ნეიტრალიტეტის მაღალი დონით არ არის აღჭურვილი.

"ეს რეზოლუცია, ხაზგასმით უნდა ითქვას, მიღებულია საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიერ, რომელიც არის მთლიანად პოლიტიკური ორგანო. ეს არ გახლავთ ისეთი ავტორიტეტით და ნეიტრალიტეტით აღჭურვილი ორგანო, რომელიც არის მაგალითად წამების წინააღმდეგ კომიტეტი ან კიდევ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სადაც პოლიტიკოსები არ სხედან. საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში არიან წევრი ქვეყნებიდან წარმოგზავნილი საკონონმდებლო ორგანოს დეპუტატები. რატომ ვუსვამ ამას ხაზს? ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ეს არის პოლიტიკური ორგანო, ამიტომაც იმ რეზოლუციაში, რომელიც არის პოლიტიკური ორგანოს მიერ მიღებული, სადაც, პრინციპში, მთლიანად სახალხო პარტიამ წაიღო თავისკენ ხმები, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ვერანაირ ტრაგედიას მე პირადად ვერ ვხედავ," - განმარტა წულუკიანმა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ რეზოლუციას მხარი სოციალური პარტიის (რომელშიც ქართული ოცნებაა გაწევრიანებული) 35-მა დეპუტატმა დაუჭირა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ პარტიაშიც არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან თუ ვინ არის ვანო მერაბიშვილი.

"სოციალისტებშიც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაგალითად თურქეთში, ბავშვი არ უნდა ჩასვან ციხეში, თუკი ის გააკრიტიკებს მაღალჩინოსანს. სოციალისტებშიც არიან ადამიანები, ვინც არ იცის ვინ არის ვანო მერაბიშვილი და ჰგონია, რომ ის პოლიტიური მიზნების გამო იქნა გვირგვილიანის საქმეზე [დაკავებული]," - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეას ინფორმაციას 24 საათიან რეჟიმში აწვდიან.

"ამ ადამიანებს შთაბეჭდილება ექმნებათ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მათ მიეწოდებათ 24 საათიან რეჟიმში. მე არ მაინტერესებს და არ არის ჩემი საქმე, რომ ამ დეპუტატებს 24 საათიან რეჟიმში, ზოგიერთი ოპოზიციონერივით, ვაწვდიდე ინფორმაციას," - დაამატა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 1 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით". რეზოლუციის თანახმად, საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება. დეპუტატებმა ქართული ოცნების წარმომადგენლების არცერთი შენიშვნა არ გაიზიარეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები