ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

სფფ-ს პრეზიდენტის 11 საათზე ჩანიშნული საარჩევნო ყრილობა ჯერ არ დაწყებულა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
msy.gov.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ერთერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი კონკურენტს, რევაზ არველაძეს, არჩევნებისთვის პრობლემის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. კობიაშვილის თქმით, ქვორუმისთვის საჭირო დელეგატთა რაოდენობა უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა არჩევნები მაინც არ იწყება.

თავის მხრივ, რეზი არველაძე ამბობს, რომ სურს, არჩევნები დღესვე ჩატარდეს და მზადაა, აღიაროს მისი ნებისმიერი შედეგი. არველაძემ თავის მხარდამჭერ დელეგატებს დარბაზში შესვლისა და კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

არჩევნებს ესწრება ვიცეპრემიერი კახი კალაძეც. ამ დრომდე ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„ქართული ფეხბურთისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს" - თქვა კალაძემ.

სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს. სასტუმრო Holiday Inn-თან კობიაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ერთერთი დელეგატი, რომელიც, როგორც ცნობილია, მხარს რეზი არველაძეს უჭერს, წუხელ საკუთარ სადარბაზოში დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გეგა გობეჯიშვილი ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ. მისი სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.

საარჩევნო ყრილობის გახსნა დილის 11 საათისთვის იყო დაგეგმილი.

 

კომენტარები