ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

არველაძე: უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. არაუშავს, გავუძლებ

worldsport.ge

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილთან დამარცხების შემდეგ რევაზ არველაძემ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის უთანასწორო ბრძოლაში იყო.

"ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ეს რომ მეფიქრა, არც ჩემს თავს და არც ოჯახს არ ვანერვიულებდი. ყველაფერი კეთდებოდა უზენაესი მიზნისთვის - დიდი ფეხბურთისთვის და რაც გამოვიდა, გამოვიდა. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არაუშავს, გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ხან წააგებ, ხან მოიგებ. ცოტახანი კომენტარს აღარ გავაკეთებ და ვიფიქრებ, თუ როგორ დავისვენო ამ ჯოჯოხეთის შემდეგ", - თქვა არველაძემ.

არველაძემ ლევან კობიაშვილსაც მიულოცა გამარჯვება - "მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს და ლევანს ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო გამარჯვება. მინდა, წინამორბედებზე მეტი შეძლოს."

რევაზ არველაძემ მის მხარდამჭერ დელეგატებს მადლობა გადაუხადა.

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა - რევაზ არველაძეს, მამუკა კვარაცხელიას - არცერთმა.

Holiday Inn-თან მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერი აქციები. მათ შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

დღევანდელ ყრილობაზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს. არსებული ინფორმაციით, ისინი მხარს რევაზ არველაძეს უჭერდნენ.

არველაძის კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოეთიშა დღევანდელ არჩევნებს. გეგა გობეჯიშვილი გუშინ საკუთარ სახლთან, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლა. UEFA-ს დღევანდელი რეკომენდაციით, მას დელეგატის სტატუსი შეუჩერდა და მისი ადგილი სხვამ დაიკავა. 

Holiday Inn-ში მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე. მისი სახელი და გვარი მიწვეული სტუმრების სიაში არ ეწერა და არც პრეზიდენტობის კანდიდატებმა იცოდნენ, რა სტატუსით იმყოფებოდა იქ კალაძე. თავად მინისტრმა კი ახსნა, რომ ის არჩევნებზე მიიწვიეს.

კომენტარები