რუსთავი 2-ის საქმე

NGO-ები: აქციის მონაწილეების დაპატიმრება შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია

არასამთავრობო ორგანიზაციები

ათი არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავებას და მათთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითად აფასებს. NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, ერთი მხრივ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, მეორე მხრივ კი, მოახდინონ სათანადო და ერთგვაროვანი რეაგირება ერთმანეთის იდენტურ კანონდარღვევებზე. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებს კანონით ეკისრებოდათ რეაგირების ვალდებულება, თუმცა ამას არ აკეთებდნენ.  

"ბუნებრივია, ძალადობა ნებისმიერი პირის წინააღმდეგ წარმოადგენს სამართალდარღვევას და სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, მოახდინონ რეაგირება ამგვარ შემთხვევებზე, თუმცა რეაგირება არ უნდა მოხდეს შერჩევითად და დარღვევის დისპროპორციულად - სახელმწიფოს რეაგირება სამართალდარღვევის იდენტურ ფაქტებზე ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს. ზემოხსენებული პირების დაკავება და მათ მიმართ გამოყენებული ზომები წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითს, რაც ვფიქრობთ, პოლიტიკური ქვეტექსტითაა ნაკარნახევი, რასაც ამყარებს შემდეგი გარემოებები:

1) რუსთავი 2-ის წინააღმდეგ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები;

2) შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავებს კანონით პირდაპირ ეკისრებოდათ რეაგირების ვალდებულება, თუმცა ეს არ მომხდარა. მაგ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან გამართული საპროტესტო აქციები წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ავალდებულებდა სამართალდამცავ ორგანოებს, მოეხდინათ რეაგირება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

3) ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დეპუტატებისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავებმა ან საერთოდ არ დააკავეს სამართალდამრღვევი ან შეუფარდეს ადმინისტრაციული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. იგულისხმება:

  • საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც მოჰყვა 2013 წლის 08 თებერვალს პარლამენტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ  მოვლენებს. აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეებს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
  • გიორგი ღვინიაშვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი 2015 წლის 14 სექტემბერს კახეთში გამართულ აქციაზე, რის შემდეგაც სამართალდამრღვევი დააკავეს, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ გურჯაანში კვერცხების სროლის ეპიზოდი, რასაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

4) ის გარემოება, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი მხოლოდ ახლა წაუყენეს რამდენიმე თვის წინ ოჯახური კონფლიქტის კონტექსტში მომხდარ ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

დეპუტატებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე რეაგირების ამგვარი ტენდენციის ფონზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება და გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე აჩვენებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხდება კანონის და სახელმწიფო ინსტიტუტების შერჩევითად და არაპროპორციულად გამოყენება. ამ მხრივ საყურადღებოა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ორმაგი სტანდარტის მატარებელია და ამგვარად, ახდენს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობისა და უფლებების დარღვევის წახალისებას. კერძოდ, ვიცეპრემიერის კახა კალაძის აზრით, დეპუტატისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მიუღებელია, მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემას არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამართული აქციები და მათ მიმართ არაერთხელ გაჟღერებული მუქარა. საგანგაშოა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდება, „მოაშორონ სამართალდამცავებმა კახეთში პროვოკატორები, რომლებიც ხელს უშლიან გლეხებს ყურძნის ჩაბარებაში“, რასაც სწორედ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, ერთი მხრივ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, მეორე მხრივ კი, მოახდინონ სათანადო და ერთგვაროვანი რეაგირება ერთმანეთის იდენტურ კანონდარღვევებზე და აღნიშნული დააფუძნონ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, მედიის განვითარების ფონდი MDF, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო BBSA - Georgia, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, იდენტობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TI Georgia, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, კავშირი საფარი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC.

კომენტარები