2016 წლის ბიუჯეტი

რატიანი: ივანიშვილის რეჟიმის მოსვლის შემდეგ ქვეყანამ დაკარგა 7 მილიარდი

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის მოსაზრებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის ბიუჯეტით შეუძლებელია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მისი თქმით, 2016 წელს მთავრობა ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციულ ხარჯებს 57 მილიონი ლარით ზრდის.

"ეს იმ პირობებში, როდესაც 3 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯებისთვის მთავრობამ ბიუჯეტი 389.2 მილიონი ლარით გაზარდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მოსვლის შემდეგ ქვეყანამ დაკარგა 7 მილიარდი. 2016 წელსაც პენსიონერების პენსია არ იზრდება. მთავრობა ზრუნავს არა ხალხზე, არა ქვეყნის ეკონომიკაზე, არამედ საკუთარ თავზე", - თქვა სერგო რატიანმა.

რატიანის თქმით, ამ ბიუჯეტით ასევე შეუძლებელია ლარის კურსის სტაბილიზაცია. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელი იყო, ერთი მხრივ, შეკვეცილიყო და შემცირებულიყო ბიუროკრატიული ხარჯები და, მეორე მხრივ, შემცირებულიყო გადასახადები.

"წელს წარმოდგენილი ბიუჯეტით ფაქტობრივად შეუძლებელია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მოცემულ მდგომარეობაში არის ამ მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები. სხვა გზა, უბრალოდ, არ რჩება", - თქვა რატიანმა.

კომენტარები