კულტურული მემკვიდრეობა

ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნის ტრადიცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 30 სექტემბრის ბრძანებით, "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი -„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას“;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აწერს. 

ნიკოლოზ ანთიძე "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ამ ტრადიციის პოპულარიზაციის მიზნით ხსნის.

"ძალიან მნიშვნელოვანია "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ეს ტრადიცია დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სტატუსი მიგვენიჭებინა. ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს საჭიროებდა. ამ ტრადიციის სახელმწიფო ხარისხში აყვანა აჩვენებს, რომ სახელმწიფოსთვის სულ ერთი არ არის მისი არსებობა. "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციის მატარებელი ადამიანები დღესაც არსებობენ და ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი იქნება ამაში აქტიურად ჩართული, მათ შორის - ახალგაზრდა თაობები, რომ ეს ტრადიცია კიდევ უფრო გაფართოვდეს და არამარტო იმ ადამიანებზე იდგეს, ვინც დღეს ამას წარმართავს", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები