ენერგო პრო ჯორჯია

ენერგო პრო: აჭარასა და გურიაში აბონენტების უმეტესობას დენის მიწოდება აღუდგა

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების უმრავლესობას აჭარასა და გურიაში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება 464 აბონენტს ქობულეთში, ხოლო ლანჩხუთსა და ოზურგეთში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 360 აბონენტი.

"ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები დილიდან იყვნენ სრულად მობილიზებულები; ისინი მუშაობდნენ და განაგრძობენ მუშაობას საგანგებო რეჟიმში, რათა დროულად აღმოფხვრან ძლიერი გადაუღებელი წვიმით გამოწვეული დაზიანება და შესაბამისად, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება დარჩენილი აბონენტებისთვის. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, აჭარაში ძლიერმა წვიმამ დატბორა 110 კვ მაღალი ძაბვის ქვესადგური ქობულეთი, რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში. რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა. ამ დროისთვის, აჭარასა და გურიაში, საერთო ჯამში ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ 824 აბონენტს. აღნიშნულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე",- აცხადებს ენერგო პრო ჯორჯია.

კომენტარები