რუსთავი 2-ის საქმე

იან კელი რუსთავი 2-ზე: ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას

ტაბულა

აშშ-ს ელჩი რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, იან კელის თქმით, მან უკვე გაუზიარა თავისი შეშფოთება საქართველოს მთავრობას, იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვის შთაბეჭდილებას ტოვებს.

"დღეს მე რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას შევხვდი, რათა გამეგო უფრო მეტი იმ სასამართლო საქმის შესახებ, რომელიც ტელევიზიის ფინანსურ მდგრადობაზე ახდენს გავლენას. მე დავარწმუნე რუსთავი 2, რომ აშშ-ის საელჩო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

შეერთებული შტატების მთავრობას ხშირად აღუნიშნავს საქართველოს ღია მედიაგარემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში სანიმუშოდ აღიარებს. ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და მედიამრავალფეროვნებას, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ [უკვე] გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას.

ნებისმიერი დემოკრატიის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ძლიერი, პასუხისმგებლიანი მთავრობა. მედიამრავალფეროვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც თავის დროზე ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა გვასწავლეს, მთავრობის უპირველესი ამოცანაა ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენი თავისუფლება კი თავისუფალ, შეუზღუდავ და მრავალფეროვან მედიას ეფუძნება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები