MAP-ი

დონდუა: MAP-ი, სავარაუდოდ, არ იქნება

ტაბულა

"MAP-ი, სავარაუდოდ, არ იქნება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ პარლამენტში ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების შეხვედრაზე ისაუბრა.

დონდუას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გადაფარა საქართველოს საკითხი. მისი თქმით, NATO-ს შემდეგ სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს.

"სამწუხაროდ, უკრაინამ გადაფარა საქართველოს თემა. როდესაც ყურადღება მახვილდება ჩვენს რეგიონზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მთელი ყურადღება არის უკრაინაზე. დიდი ალბათობით, რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ინტეგრაციის გზაზე ვერ მივიღებთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იგულისხმება MAP-ი. სამაგიეროდ უკვე დეკემბერში ალბათ გამოცხადდება ის, რომ მონტენეგროს მისცემენ უკვე პერსპექტივას გაწევრიანების, თუ არა, უფრო მეტს და შემდეგ მომავალ ზაფხულში, ივლისში არის უკვე NATO-ს სამიტი, სადაც ჯერ არ ვიცით, რას მივიღებთ ამ სამიტიდან. ერთი რამე ვიცით, რომ MAP-ი, სავარაუდოდ, არ იქნება", - განაცხადა დონდუამ.

დავით დონდუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყნის შიგნით სხვა მესიჯებს იყენებს, საგარეო ასპარეზზე ის მაინც აქტუალურად განიხილავს MAP-ის საკითხს. მისი თქმით, მთავრობას წინასაარჩევნოდ მაღალი მოლოდინების შექმნა არ სურს.

"გარეთ სხვა მესიჯი გვაქვს, შიგნით სხვა. გარეთ სულ ვლაპარაკობთ MAP-ზე. ყოველ შემთხვევაში, დეკემბრამდე ვილაპარაკებთ. არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, რომ MAP-ს მოგვცემენ, ამას ვიყენებთ სავაჭროდ, რომ თუ MAP-ი არა, რაღაც მნიშვნელოვანი გვქონდეს. უკვე დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ შევიმუშავებთ ახალ სტრატეგიას, თუ რა ვილაპარაკოთ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. შიგნით არ გვინდა გავზარდოთ მოლოდინები, რადგან ძალიან ცუდად ემთხვევა მომავალ არჩევნებს ივლისის სამიტი და არ გვინდა, რომ ეს იყოს დამაზიანებელი საქართველოსთვის", - განაცხადა დონდუამ.

კომენტარები