საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსი 2013 წელს კარასინს შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ის სომხეთში „ევრაზიული კავშირის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრებოდა. გვიმრაძემ შეხვედრაში მონაწილეობა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მოხსენება ევროპული არჩევანის უალტერნატივობას ეხებოდა.

გვიმრაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის დაწყებამდე ანალიტიკოსად მუშაობდა და მისი იმჟამინდელი საქმიანობის გამო სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანთან უწევდა ურთიერთობა. მან რუსეთ საქართველოს ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამჟამინდელ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარება შეუძლებელია, თუმცა დიალოგი მისგან მომდინარე საფრთხეებს გაანეიტრალებს.

მრგვალ მაგიდაში "ევრაზიული კავშირი: პრობლემები და განვითარების პოტენციალი"გვიმრაძის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია და ფოტო "პირველი ნიუსი-საქართველომ" გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, 2004 წელს გამართული კონფერენციის შემდეგ გამართულ ვახშამზე გვიმრაძემ მხარი "ევრაზიულ კავშირს"დაუჭირა. ამავე წყაროს ცნობით, სუფრაზე ასევე იმყოფებოდნენ "ევრაზიული ინსტიტუტის" ლიდერი არჩილ ჭყოიძე და ორგანიზაცია "რისის" წარმომადგენლები.

გიორგი გვიმრაძე 2013 წლის თებერვალში რუსული პროპაგანდისტული, გორჩაკოვის ფონდის მიწვევით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იმყოფებოდა, სადაც მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა. გორჩაკოვის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალაში, ქართველი „ახალგაზრდა პოლიტოლოგების" კარასინთან შეხვედრა დოკუმენტირებულია. 2010 წელს პრეზიდენტ მედვედევის ხელშეწყობით შექმნილი ფონდის პოლიტიკური საბჭოს წევრებს შორის, ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი წინამორბედი, იგორ ივანოვიც არის. შეხვედრის შემდეგ, გვიმრაძე РИА Новости-ს სტუდიაში რუსულ-ქართულ დიალოგზე საუბრობდა.

"მთავარია, რომ ჩვენ დავიწყეთ საუბარი. თუ ასეთი ფორმატი იარსებებდა 2008 წლამდე, მე ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა, რაც იყო. რადგან, ჩვენ არ გვაინტერესებდა რა ხდებოდა საზოგადოდებების შიგნით. რუსეთში არ ინტერესებოდნენ რა ხდებოდა საქართველოში რეალურად საზოგადოებაში და საქართველოში არ ინტერესდებოდნენ რა ხდებოდა აქ. რუსული და ქართული მხარეების მიერ დასახელდნენ წითელი ხაზები, მაგრამ კარგია რომ საუბარი არ დაწყებულა ამ წითელი ხაზებიდან. კარგია, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ ამ წითელ ხაზებთან და არა ამ წითელი ხაზებიდან დავიწყოთ მოძრაობა. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს წითელი ხაზებიც შეიძლება გადაილახოს, რაღაც დროის მერე. არ არსებობს საკითხები რომელზეც არ შეიძლება ვისაუბროთ და რომლებიც არ შეიძლება გადავჭრათ. აქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ აქამდე უნდა გვქონდეს საუბრის პრაქტიკა", - აცხადებდა გვიმრაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი დირექტორი წარსულში ჟურნალისტური საქმიანობით არ ყოფილა დაკავებული, ის თანამდებობაზე 9 დღის წინ დაინიშნა. გვიმრაძე უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის კონსულტანტი იყო.

კომენტარები