რუსთავი 2-ის საქმე

სასამართლომ რუსთავი 2-ის დაკავებული მხარდამჭერების აპელაცია არ განიხილა

ტელეკომპანია რუსთავი 2

ქუთაისში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამი პირის საჩივარი, რომელთაც 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა 5 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა, მეორე ინსტანციის სასამართლომ განხილვაში არ მიიღო. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.

"სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ აღნიშნული განჩინება, იმიტომ, რომ დაუსაბუთებელი იყო. ამ დილით მე პირადად დავურეკე მოსამართლე დავით გვრიტიშვილის თანაშემწეს, თუ რა ხდებოდა აღნიშნულთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ აღნიშნული საჩივარი სასამართლომ დაუშვებლად ცნო", - განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა ელისო დათუსიანმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა როგორც წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საჩივრის არ განხილვებასთან დაკავშირებით, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას უწოდებს.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ისე დატოვა ძალაში, რომ არც მოუწვევია სასამართლო სხდომა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ივანიშვილის ტყვე და მათი მთავარი სამოქმედო ორიენტირი არის არა ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ხელისუფლებიდან წამოსული დირექტივები" - აცხადებს დეპუტატი გია თევდორაძე.

7 ოქტომბერს, სამი დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას საქართველოს სახალხო დამცველმა დაუსაბუთებელი უწოდა და გამოთქვა ეჭვი, რომ მათ მიმართ მართლმსაჯულება შერჩევითია.

კომენტარები