ახლო აღმოსავლეთი

ობამა სირიასთან მიმართებით მკვეთრ ცვლილებებს არ აპირებს

wtop.com

ობამას ადმინისტრაციის გეგმა, გაეწვრთნა 5000-ზე მეტი სირიელი მეამბოხე, ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, „60 წუთთან" ინტერვიუში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არ აპირებს მკვეთრი ცვლილებების განხორციელებას.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ობამას ხშირად აკრიტიკებდნენ სტრატეგიის არქონის გამო. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ, სამხედრო თვალსაზრისით, ამ კონფლიქტში უფრო ღრმად არ უნდა ჩაერთოს. მისი აზრით, აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენება სირიაში გრძელვადიან შედეგს ვერ გამოიღებს.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ დიპლომატიურად, მაგრამ არ ვაპირებთ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო კამპანიაში უფრო მეტად ჩართვას", - აღნიშნა ობამამ.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონი სირიელი მეამბოხეების წვრთნისა და შეიარაღების პროგრამას ცვლის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა 9 ოქტომბერს ისაუბრა. როგორც პენტაგონში განმარტავენ, პროგრამის ცვლილება მისი არაეფექტურობითაა გამოწვეული. უწყების განცხადებით, პროგრამამ ვერ შეასრულა თავისი ამოცანა. კარტერმა ასევე განაცხადა, რომ სირიელი მეამბოხეების წვრთნის პროგრამა საბოლოოდ არ იხურება და მისი შეცვლა ეფექტურობას გაზრდის.

კომენტარები