არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში

კალაძე სფფ-ის არჩევნებზე ფარულად ჩაწერილ ვიდეოზე: ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე

0 კომენტარი
კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი ფოტო: ტაბულა

ვიცეპრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში "ისეთი ვერაფერი" ნახა. ვიდეოში, რომელიც ჰოლიდეი ინნშია გადაღებული, რევაზ არველაძე უეფას ვიცეპრეზიდენტ გრიგორი სურკისს და არჩევნების დელეგატებს ესაუბრება. არველაძე ამბობს, რომ მისი მხარდამჭერი დელეგატის გეგი გობეჯიშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, არჩევნების ნებისმიერი შედეგი მისთვის მისაღები იქნება. 

"სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე. ისინი აპელირებდნენ იმით, რომ თითქოს დაკავებული ადამიანის გამოშვებას ითხოვდნენ და მაშინ მიიღებდნენ მონაწილეობას. ის მოთხოვნა, რაც მათი მხრიდან იყო, ფაქტიურად გაქარწყლებული იყო. ამიტომ, ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ ხმა წაართვეს, რაც აბსოლუტური სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. წინა ღამით დააკავეს რეზი არველაძის მხარდამჭერი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი. მთელი დღის განმავლობაში არველაძის მხარდამჭერები მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები