თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალმა დემოკრატებმა ეკონომიკური გეგმა სავაჭრო პალატის წევრებს გააცნეს

www.fd.ge

თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური გეგმის მიხედვით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შიდა და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშეწყობით, ფისკალური სექტორის დისციპლინის ზრდით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით, საგადასახადო სისტემაში რეგულაციების გამარტივებითა და განათლების სისტემის რეფორმირებით გახდება შესაძლებელი. თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს საკუთარი პროგრამა საერთაშორისო სავაჭრო პალატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა ქართული ოცნების ეკონომიკური ხედვის მოსმენასაც გეგმავდა, თუმცა უმრავლესობის წევრთა თქმით, ისინი ეკონომიკურ გეგმას ამ უკანასკნელის არარსებობის გამო ვერ წარადგენდნენ.

ეკონომიკური ზრდა

თავისუფალი დემოკრატები ქვეყნის ეკონომიკაში მთავარ გამოწვევად ეკონომიკურ ზრდას ასახელებენ. პარტია 2016-2020 წლებში სტაბილური ინფლაციის (3-6%) პირობებში 7%-9%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას ისახავს მთავარ ამოცანად, რომლის მეშვეობითაც მშპ ერთ მოსახლეზე 6 500 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზრდება. გეგმის შესასრულებლად კი თავისუფალი დემოკრატები ინვესტიციების ხელშეწყობის, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდისგან თავის შეკავების, საგადასახადო ლიბერალიზაციისა და ფინანსური ბაზრის განვითარებით გეგმავენ.

ბიუროკრატიული ხარჯები

ბიუჯეტის დაგეგმვისას მოხდება იმ ხარჯების გათვალისწინება, რომლებიც ეკონომიკურად ეფექტიანია და რომელსაც კერძო სექტორი ვერ ან ახორციელებს. პარტიის ეკონომიკური გუნდის წევრის ვასილ რევიშვილის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება ინფრასტრუქტურისა და განათლების სექტორებს. ამავდროულად გეგმის მიხედვით სახელმწიფო არ ჩაერევა კერზო სექტორის კომპეტენციაში და მას სხვადასხვა ბაზრებზე კონკურენციას არ გაუწევს.

პარტია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაგეგმილ ზრდას გეგმავს. პარტიის ეკონომიკური გუნდის წევრის ვასილ რევიშვილის თქმით, პარტიის ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკური ციკლების საწინააღმდეგო მიდგომაში, რაც გამოიხატება ხარჯვითი ნაწილის დაგეგმილ და არა სპონტანურ ზრდაში. ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში საბიუჯეტო დეფიციტი დაგეგმილზე ნაკლები იქნება, რაც ქვეყანას საგარო შოკების პირობებში დამატებით მდგრადობას მიანიჭებს.

საგადასახადო პოლიტიკა

თავისუფალი დემოკრატები საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით შეცვლას გეგმავენ. გადასახადის არასწორად გადახდის დეკრიმინალიზაცია მოხდება, თუმცა ამ დროისთვის პარტიას გადაწყვეტილი არ აქვთ გადასახადის არასწორად გადახდად რა ჩატვალონ. რისთვისაც შეიქმნება ახალი რეგულაციები თუ რა ჩაითვლება გადასახადების არასწორად გადახდად. გეგმის მიხედვით სრულად გაუქმდება ფინანსური პოლიციის სამსახური. საშემოსავლო სამსახური გადაუხდელობის რისკზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემაზე გადავა. გეგმის მიხედვით დიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება. პროექტის მიხედვით მოგების გადასახადის გაუქმება არ იგეგმება.

ფინანსური სექტორი

პროექტის მიხედვით ფასიანი ქაღალდის ბაზრის განვითარებისთვისა და საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობისთვის რეგულირებად ფინანსურ ბაზრებზე განხორციელებული გარიგეგები გადასახადებისგან გათავისუფლდება. თავისუფალი დემოკრატები ასევე ნებაყოფლობით დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო რეფორმის შემუშავებას გეგმავენ, რომლის პარალელურად პარტია არსებული საპენსიო სისტემის დატოვებასაც გეგმავს.

ინვესტიციების ხელშეწყობა

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით ჩამოყალიბდება ახალი საინვესტიციო სააგენტო, რომელიც ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის გამართვასა და საქმიანობის წარმართვაში დაეხმარება. ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნიტ, მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და იმპორტზე დღგ-ს განაკვეთის ნულამდე შემცირება მოხდება. პროგრამის მიხედვით მთავრობა სხვადასხვა სექტორის წამყვან კომპანიებთან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით პირდაპირ კომუნიკაციას გამართავს. ინვესტიციების მოზიდვის მიზნით თავისუფალი დემოკრატები საკუთრების უფლების დაცვის გაძლიერებას გეგმავენ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა სხვა პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური გეგმის მოსმენასაც გეგმავს, უახლოეს მომავალში საკუთარ გეგმას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ახალი პოლიტიკური ცენტრი წარადგენენ.

კომენტარები