ენერგოუსაფრთხოება

კალაძე: რატომ უნდა განვიხილოთ სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხი, არ მესმის

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზეზს ვერ ხედავს, რადგან, მისი თქმით, ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მთავრობის სხდომაზე "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს. შესაბამისი მიმართვა მთავრობის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნეს. 

"რატომ დგება დღის წესრიგში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, არ მესმის. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. თუ ვინმეს, კონკრეტულ პიროვნებებს, პარტიულ დაჯგუფებებს უნდათ რაღაც პოპულისტური განცხადებების კეთება, ეს მათი ნებაა, მათი საქმეა. თუ პრეზიდენტს აქვს ინტერესი, მე მზად ვარ, გამოვყო ჩემი მოადგილე ან ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია დღევანდელ ენერგეტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - თქვა კალაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის თქმით, მიმართვას კანონით დადგენილ ვადაში განიხილავენ.

მთავრობის ადმინისტრაციისგან თანხმობის შემთხვევაში, განხილვას გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრებიან.

კომენტარები