MH17

ზახარჩენკო: MH17 ჩვენ არ ჩამოგვიგდია

AFP

თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო BBC-სთან საუბარში აცხადებს, რომ მის პრორუსულ ძალებს არ ჰქონდათ MH17-ის ჩამოგდების საშუალება, რადგან ე.წ. რესპუბლიკის სამხედრო ძალებს "ბუკ"-ის ტიპის სარაკეტო დანადგარი არ აქვს. ზახარჩენკო მომხდარში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს.

ჰოლანდის საგამოძიებო კომისიის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, სამგზავრო თვითფრინავი MH17 რუსეთში წარმოებული "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს. კერძოდ, თვითმფრინავის მიმართულებით გაისროლეს 9N314M მოდელის რაკეტა, რომელსაც რუსულ არმიაში იყენებენ. თუმცა, კონკრეტულად რომელმა მხარემ გაისროლა, უცნობია.

რუსეთის არმიის მომმარაგებელი კომპანია "ალმაზ-ანტეი" უარყოფს ჰოლანდიელთა დასკვნას MH17-ის კატასტროფის შესახებ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იან ნარიკოვი აცხადებს, რომ კომისიამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კატასტროფის ადგილზე ზემოხსენებული რაკეტის ელემენტებია ნაპოვნი. ის ასევე აცხადებს, რომ რაკეტა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არის გასროლილი. რუსული მხარე გამოძიების განახლებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 2014 წლის ივლისში მოხდა და მას 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები