ტერორიზმი

ბარაკ ობამა "ბოკო ჰარამის" წინააღმდეგ სამუშაოდ კამერუნში ჯარისკაცებს გზავნის

Getty Images / bbc.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანებით, კამერუნში დასავლეთ აფრიკელ ჯარისკაცებთან ერთად ნიგერიულ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" წინააღმდეგ სამუშაოდ 300 ჯარისკაცი გაიგზავნება .

კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა უნდა შეაგროვონ დაზვერვითი მონაცემები და გაავრცელონ საჭირო ინფორმაცია ამ რეგიონში.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯოშ ერნსტი ამბობს, რომ ჯარისკაცები შეიარაღებული იქნებიან, თუმცა, ისინი იარაღს მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებენ და ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ჯარისკაცებთან ერთად კამერუნში გაიგზავნება შეუიარაღებელი საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც ჯარისკაცებს სხვადასხვა დავალების შესრულებაში დაეხმარებიან.

ორშაბათს ობამამ განაცხადა, რომ დაახლოებით 90 სამხედრო განათავსა კამერუნში, რომელიც ნიგერიას ესაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მაიდუგურიში თვითმკვლელი ტერორისტების სამმა აფეთქებამ 7 ადამიანი იმსხვერპლა. არმიის სპიკერის სანი უსმენის თქმით, აფეთქებების უკან "ბოკო ჰარამი" იდგა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკამ "ბოკო ჰარამთან" საბრძოლველად კამერუნელი სამხედროების გადამზადება და ეკიპირება უზრუნველყო. ორგანიზაცია Amnesty International-ის მონაცემებით, "ბოკო ჰარამმა" 2009 წლიდან დღემდე 17 000 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები