ფულადი გზავნილები

სექტემბერში ფულადი გზავნილები $43 მილიონით შემცირდა

gmpopcorn.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 212 მილიონი ლარი ($88 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 32.9%-ით ანუ $43 მილიონით ნაკლებია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 

ფულადი გზავნილების შემცირება ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 50% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის სექტემბერში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 41.5% უჭირავს. ფულადი გზავნილების მოცულობა ასევე საბერძნეთიდანაც შემცირდა.

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

ფულადი გზავნილების მიხედვით სექტემბერში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი $36 მილიონი
  2. იტალია $10.2 მილიონი
  3. აშშ $9.9 მილიონი
  4. საბერძნეთი $7.5 მილიონი
  5. თურქეთი $5.8 მილიონი

ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მისი შემცირება კი ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული 12 თვის განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობა $361 მილიონით შემცირდა. 

სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში $13.8 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები