2008 წლის ომი

რუსეთი: აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულია

0 კომენტარი
ფოტო: mid.ru

ჰააგის სასამართლოს გუშინდელ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ასეთი ინტერპრეტაცია, რომელიც რეალობასაა მოწყვეტილი და ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ხელს აფარებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიმართ ნდობას არ გაზრდის. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რუსეთსა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 30-ზე მეტი ტომი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის რომის სტატუტის წევრი, ამიტომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება არ აქვს. 

„მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიან ცხინვალზე და სამხრეთ ოსეთში მყოფ მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმიდან 7 წლის შემდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ ამ მოვლენების ოფიციალური გამოძიებისათვის სასამართლოს მიმართა. ამ წლების განმავლობაში, ჰააგამ მიიღო ასობით განცხადება სამხრეთ ოსეთის დაზარალებული და გარდაცვლილი მოსახლეების ნათესავებისგან - 2008 წლის აგვისტოს მოვლენების უშუალო მოწმეებისგან. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულის ეს მტკიცებულებები მყარდება რუსეთის სისხლის სამართლის საქმის მონაცემებით, რომლის 30 ტომი, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და სასამართლოს თანამშრომლობის ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას გადაეცა. განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს ქართული შეიარაღებული დანაყოფების მხრიდან თავდასხმის ფაქტი რუს მშვიდობისმყოფლებზე, რომელთაგანაც ათმა სიცოცხლე შესწირა თავის მოვალეობას, დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა.“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პალატა შეაფასებს, არის თუ არა გონივრული საფუძველი გამოძიების გასაგრძელებლად. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები