აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

TI: შსს ვალდებულია, დაასაბუთოს, რატომ იყო დაკავება ერთადერთი აუცილებელი ზომა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, გენერალური პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავებას ეხმაურება. TI თვლის, რომ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელეკომპანიის წარმომადგენლების დაკავებისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაასაბუთოს, რატომ იყო ადმინისტრაციული დაკავების გამოყენება ერთადერთი აუცილებელი და პროპორციული ზომა.

"გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის შეუფერხებლად განხორციელებაც ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაშიც კი, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა სცადონ შეზღუდვის ყველაზე მსუბუქი ღონისძიების გამოყენება, რადგან უკიდურესი შემზღუდავი ღონისძიებების არაპროპორციული გამოყენება, საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შესაძლებლობას კანონმდებლობით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელეკომპანიის წარმომადგენლების დაკავებისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ იყო ადმინისტრაციული დაკავების გამოყენება ერთადერთი აუცილებელი და პროპორციული ზომა", - წერია განცხადებაში.

დღეს ჩერგოლეიშვილი, მაჭავარიანი და ხვადაგიანი ოპერასთან მდებარე ღობეზე, სადაც სხვა მრავალი პოსტერი თუ სარეკლამო განცხადებაა გაკრული, გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრისთვის დააკავეს. მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. 

ხვალ, 16:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქცია "არა გაზპრომს!" გაიმართება.

კომენტარები