აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ნაცვლიშვილი: დღევანდელი ფაქტი აჩვენებს, რომ პოლიცია დეპოლიტიზირებული არ არის

ანა ნაცვლიშვილი
თეორემა/ტაბულა

ხელისუფლებას არ უნდა, რომ საჯარო სივრცეში ისმოდეს განსხვავებული აზრი, ამისთვის ის შერჩევითად იყენებს კანონს - ასე გამოეხმაურა საია-ს თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, გენერალური პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავებას.

ნაცვლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა სახელმწიფო მესიჯს, ის შინაარსში არ უნდა შევიდეს. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველას თანაბრად უნდა მისცეს საშუალება, საჯარო სივრცე აზრის მშვიდობიან ფორმებში გამოხატვისთვის.

"მე მინდა, მსმენელს განვუმარტოთ ერთ მარტივი ჭეშმარიტება. სახელმწიფო შეიძლება, ეთანხმებოდეს მესიჯს, ან არ ეთანხმებოდეს, მაგრამ შინაარსში შესვლა არ არის სახელმწიფოს ფუნქცია. მისი ფუნქციაა, ყველას თანაბრად მისცეს საშუალება, საჯარო სივრცე აზრის მშვიდობიან ფორმებში გამოხატვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოხატვა არ იყოს ხელშეშლილი სახელმწიფოს წარმომადგენლების ან მესამე პირების მხრიდან. დღევანდელ მაგალითზე მახსენდება ასევე Stop Russia!-ს აქცია. მართალია, საბოლოოდ ეს აქცია შედგა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელის შეშლის მცდელობები დაფიქსირდა. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას არ უნდა, საჯარო სივრცეში ისმოდეს განსხვავებული აზრი. ამისთვის შერჩევითად იყენებს კანონს და იყენებს სახელმწიფო მექანიზმებს, რაც არის ძალიან ცუდი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, დღეს მომხდარი ფაქტის მსგავსი მაგალითები აჩვენებს, რომ პოლიცია დღეს ბოლომდე დეპოლიტიზირებული არ არის.

"ამიტომ, ასეთი მაგალითები როდესაც ფიქსირდება, სახელმწიფოს წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ვეღარ ისაუბრებენ პოლიციის დეპოლიტიზირებაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევა, როგორც ამას გვიხატავენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ პოლიცია ჩვენს ქვეყანაში ვერ არის ბოლომდე დეპოლიტიზირებული. ასე, რომ, მინდა კიდევ ერთხელ განვმეორდე, რომ სასამართლოებზე განსაკუთრებით ნუ გადაიტანენ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას და ნუ იტყვიან, რომ "საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის" იმიტომ, რომ პრინციპულად არასწორია თავიდანვე, როდესაც სამართალდამცავები ამ მოტივით ადამიანებს აკავებენ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დღეს ჩერგოლეიშვილი, მაჭავარიანი და ხვადაგიანი ოპერასთან მდებარე ღობეზე, სადაც სხვა მრავალი პოსტერი თუ სარეკლამო განცხადებაა გაკრული, გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრისთვის დააკავეს. მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. 

ხვალ, 16:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქცია "არა გაზპრომს!" გაიმართება.

კომენტარები