აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

დღეს, 16:00 საათზე კანცელარიასთან Gazprom-თან მოლაპარაკებებს გააპროტესტებენ

დღეს, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან Gazprom-თან ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია "GAZPROM - თავისუფლების გაზის კამერა!" გაიმართება. აქციის ორგანიზატორი პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებაა!" 

"საქართველოს თავისუფლება საფრთხეშია - ხელისუფლებას გაზპრომის ხაფანგში შევყავართ.

რუსული გაზი პუტინის გეოპოლიტიკური იარაღია.

GAZPROM-ზე დამოკიდებულება ნიშნავს დამორჩილებულ, ღარიბ, გაყინულ და ბნელ საქართველოს.

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენი ხალხის მონაპოვარია. ჩვენ ის არ უნდა დავთმოთ", - აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობდა, რომ "თუკი GAZPROM-ისგან მეტ რუსულ გაზს წამოვიღებთ, ეს ძალიან კარგი იქნება". დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობდნენ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. ელოშვილი საზოგადოებას პრაგმატულობისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ "პოლიტიკა და ეკონომიკა უნდა გაემიჯნათ."

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობდა, რომ "მთელი ევროპა რუსულ გაზზეა და ის ამით არ დაქცეულა." ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია Gazprom-თან მოლაპარაკებებზე ამბობდა, რომ "მთავარია, მოსახლეობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო." 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე მოსახლეობას ამშვიდებდა, რომ "გაზის მილში ბომბი არ გამოცურდებოდა."

ენერგეტიკის მინისტრმა Gazprom-თან მოლაპარაკებებზე მოგვიანებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, დივერსიფიკაციის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მათ შორის, კომერციულ კომპანიებსაც შეეძლოთ რუსეთიდან ბუნებრივი აირის წამოღება. 12 ოქტომბერს კი მან განცხადება შეცვალა და თქვა, რომ საუბარი მხოლოდ კომერციულ გაზზე იყო.

ხელისუფლება Gazprom-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას კვლავ გეგმავს. ამის შესახებ IPN-ს Gazprom-ში განუცხადეს.

კომენტარები