ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

PACE: წინასწარი პატიმრობა არასდროს უნდა გამოიყენებოდეს, როგორც დასჯის ფორმა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომავალ არჩევნებამდე კონსენსუსს მიაღწიონ. ისინი საქართველოში ვიზიტით 12-დან 14 ოქტომბრამდე იმყოფებოდნენ. 

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში წერია, მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს პლურალისტური მედიის მნიშვნელობას, რაც, მათი თქმით, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ხედვების გაშუქებას არჩევნებამდე.

თანამომხსენებლები იმედოვნებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმის შედეგი ძირს არ გამოუთხრის სიცოცხლისუნარიან და ნამდვილ პლურალისტურ მედიაგარემოს საქართველოში. "ჩვენ მოვლენების განვითარებას ამ საქმესთან დაკავშირებით დავაკვირდებით", - აცხადებენ ისინი.

ამასთან, მომხსენებლები მიესალმებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რაც, მათი განცხადებით, გასულ წელს ასამბლეისა და მისი მომხსენებლებისთვის მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი იყო.

მომხსენებლებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი პატიმრობა არასდროს უნდა გამოიყენებოდეს, როგორც დასჯის ფორმა და შემაკავებელი ფაქტორი. ამასთან, მათი თქმით, საჭიროა მოსამართლეებისა და პროკურორების გადამზადება წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. თანამომხსენებლები მიესალმებიან ამ კუთხით ხელისუფლების გაცხადებულ გეგმებს.

როგორც ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, ვიზიტთან დაკავშირებით დოკუმენტს მომხსენებლები მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გამოაქვეყნებენ და ისინი საქართველოს 2016 წლის დასაწყისში კვლავ ეწვევიან.

კომენტარები