NDI-ის კვლევა

ლორა თორნტონი: ამ ეტაპზე გამარჯვებული არ გვყავს

ლორა თორნტონი
ტაბულა

ინტერვიუ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორ ლორა თორნტონთან.

რამდენიმე დღის წინ გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 14% არის მზად, ხმა ქართული ოცნების კოალიციას მისცეს. სახელისუფლებო გუნდის რეიტინგი დრამატულად შემცირებულია - რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? შეგვიძლია, კონკრეტული ჯგუფები და რეგიონები გამოვყოთ?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში ჩამოუყალიბელი ელექტორატის რიცხვი გაიზარდა. დიახ, მმართველი პარტიის მხარდაჭერა დაეცა, რაც სხვა ქვეყნებისთვისაც არის დამახასიათებელი. ამასთან, ის ხმები, რაც ქართულმა ოცნებამ დაკარგა, არცერთ სხვა პარტიას არ აუღია და მათ, ვინც არ იცის, ვის მისცეს ხმა, აქვთ ამის მიზეზი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე გამარჯვებული არ გვყავს, ყველა პარტია ერთგვარად სტატისტიკური ყაიმის ეტაპზეა. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანია ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ასევე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხალხი შეშფოთებულია ეკონომიკისა და უმუშევრობის პრობლემებით. შესაბამისად, ჩემი რჩევა ყველა პარტიის, მათ შორის, მმართველი პარტიის მიმართ არის შემდეგი - მეტი ისაუბრეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ უმუშევრობას. ყველა თქვენი ნათქვამი სიტყვა უნდა იყოს დაკავშირებული მასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის.

ამას გარდა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხალხს მართლაც უჭირს. მათი საცხოვრებელი პირობები ადგილობრივ დონეზე დაპირებისამებრ არ გაუმჯობესებულა. ხალხს უჭირს თვიდან თვემდე და ისინი მთლიანად ხარჯავენ, რასაც მოიპოვებენ. საყოფაცხოვრებო შემოსავალი უკიდურესად დაბალია და ხალხი ძალიან განიცდის ამას. ამიტომაც, ვფიქრობ, ნებისმიერი პარტია, რომელიც მოვა ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავების სტრატეგიით, სარგებელს მიიღებს. სხვა საკითხი, რომელსაც ვხედავთ არის ის, რომ არასაკმარისი კომუნიკაციაა პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის, არჩეულ ლიდერებსა და ამორჩევლებს შორის. პოლიტიკოსებთან კომუნიკაციას ხალხი დადებითად აფასებს. ასე რომ, ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ საჭიროა თანამდებობის პირები გავიდნენ და ყოველდღიურ რეჟიმში ისაუბრონ ხალხთან მათთვის მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებზე.

კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, თუმცა, არის მოსახლეობის მზარდი ნაწილი, რომელიც ალტერნატივას ევრაზიულ კავშირში ხედავს. რა იწვევს ევრაზიული კავშირის მომხრეთა ასეთ ზრდას?

დიახ, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მიმართ დიდ მხარდაჭერას - 61%-ია, თუმცა, ისიც არის, რომ ხალხს მხედველობაში სხვადასხვა ვარიანტი აქვს. ჩვენ უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და ვკითხოთ ხალხს "რატომ?". ამ საკითხზე ასევე ჩავატარეთ ფოკუს-ჯგუფები, საიდანაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. თუმცა, ამ გამოკითხვაშიც შეგვიძლია, დავინახოთ, რატომ არის ხალხი ევროკავშირის ან ევრაზიის კავშირის მხარეს. მთავარი მამოძრავებელი, მათი არჩევანის მთავარი განმაპირობებელი ეკონომიკური მიზეზებია. ეს მათი თვალთახედვაა, რომელიც ძალიან პრაგმატულია. ამასთან, როგორც ვიცით, 12%-მა ორივე კავშირს დაუჭირა მხარი. ვფიქრობ, ქართველები, უბრალოდ, სხვადასხვა გამოსავალს ეძებენ. გამოკითხვაში ექსპერიმენტის სახით გამოგონილი კავშირებიც რომ შევიტანოთ, მაგალითად, აზიისა და ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანება, ხალხი იტყვის, რატომაც არა, მოდი, ვცადოთ. ეს მაფიქრებინებს, რომ ხალხი, უბრალოდ, სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და გამოსავალს ეძებს.

კვლევა აჩვენებს, რომ არცერთი პარტია დაწინაურებული არ არის, შემდეგ წელს ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. როგორ ფიქრობთ, როდის გააკეთებს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევანს?

ყველაზე უცნაური მაინც ის არის, რომ ხალხი, რომელსაც დარწმუნებით აქვს გადაწყვეტილი არჩევნებზე წასვლა, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რაც არ უნდა მოხდეს, ხვალვე წავიდოდი ხმის მისაცემადო, თვით ასეთი ჩამოყალიბებული ჯგუფის ნახევარზე მეტმა არ იცის, ვის მისცეს ხმა. ანუ "ხვალ რომ არჩევნები იყოს, ხმის მისაცემად წავალ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ვის მივცემ ხმას". საინტერესოა, როგორ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას? არ ვიცი, შეიძლება, პირდაპირ საარჩევნო ბიულეტენთან გადაწყვიტონ ან 24 საათით ადრე მოაფიქრდეთ. სულ მცირე საქართველოს კიდევ ერთი წელი აქვს. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ პარტიები შეძლებენ ამ სიტუაციიდან გამოსვლას და მოსახლეობის თვალში ისე წარსდგებიან, რომ დაეხმარებიან მათ არჩევანის გაკეთებაში. როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიებმა უნდა ისაუბრონ ხალხთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მოუსმინონ ხალხს. იქნებ სარგებელიც ნახონ შემდეგ გამოკითხვაში. თუმცა, ერთი წლით ადრე იმაზე მსჯელობა, თუ რა შეიცვლება, ძალიან რთულია.

კომენტარები