საჯარო ფინანსები

სახელმწიფო აუდიტი: მთავრობის ანალიზი ვალის მდგრადობაზე არადამაჯერებელია

კასპერ პემპელი / REUTERS

2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზიც ერთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ანალიზი ვერ იძლევა სრულყოფილ სურათს მთავრობის ვალის მდგრადობის შესახებ და შემდგომ დახვეწას საჭიროებს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში არის ნათქვამი. საქართველოს სახელმწიფო ვალი, ბოლო მონაცემებით, 12.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

"დოკუმენტში წარმოდგენილი არ არის ალტერნატიულ სცენარებში მაკროეკონომიკური შოკის სიდიდის გაანგარიშების სპეციფიკა. ამასთან, იგი არ მოიცავს ინფორმაციას თუ რა პრინციპის გათვალისწინებით მოხდა აღნიშნული შოკების ფორმირება. ანალიზში წარმოდგენილი არ არის გამოყენებული დაშვებების საფუძვლიანობის არგუმენტირებული დასაბუთება, რაზე დაყრდნობითაც ჩაითვალა, რომ მოცემული დაშვება რეალისტურია და შერჩეული რისკ-ფაქტორები რელევანტურია არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით", - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო ვალი საჯარო სექტორის საშინაო და საგარეო ვალისგან შედგება 12.2-მილიარდიანი ვალიდან 9.8 მილიარდი საგარეო, დანარჩენი კი საშინაო ვალია. მისი მდგრადობის ანალიზი საგარეო შოკების შემთხვევაში ქვეყნისთვის წინასწარ მომზადებულ სამოქმედო სცენარს იძლევა. 

მთავრობის მიერ მომზადებული ვალის მდგრადობის ანალიზი რამდენიმე სცენარს (საბაზისო, ნეგატიური, პოზიტიური) ეფუძნება. მთავრობის მიერ დაწერილი ყველა სცენარის მიხედვით, ვალი მდგრადია და შოკების მიუხედავად კრიტიკულ ნიშნულს (მშპ-ის 60%-ს) არ აღწევს. ალტერნატიულ სცენარებში, ხდება სხვადასხვა სიდიდის მაკროეკონომიკური და ფისკალური შოკების (რეალური მშპ-ის ზრდის შოკი, რეალური საპროცენტო განაკვეთის შოკი, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ბალანსის შოკი, და ნომინალური გაცვლითი კურსის შოკი) გათვალისწინებით სტრესტესტების ჩატარება და მათი გავლენის შეფასება მთავრობის ვალის მდგრადობაზე.

კომენტარები