რუსეთი სირიაში

ბაშარ ალ ასადი ვლადიმირ პუტინს შეხვდა

www.nbcnews.com

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მოსკოვს პირველად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ასადი ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკებების დროს ასადმა და პუტინმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე, ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია საბოლოოდ პოზიტიურ როლს ითამაშებს კონფლიქტის მოგვარებაში. პუტინის თქმით, კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს და რუსეთი მზად არის, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის ცნობით, თავის მხრივ, ასადმა პუტინს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.

ბაშარ ალ-ასადი მოსკოვს სამშაბათ საღამოს ეწვია, თუმცა ვიზიტის შესახებ მხოლოდ ოთხშაბათს გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტი დამასკოში დაბრუნდა.

კომენტარები