საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

დავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს შეხვედრას სთავაზობს

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს პასუხობს და პრობლემების განსახილველად შეხვედრას სთავაზობს. დღეს პაპუაშვილმა პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერა და მოუწოდა, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება, მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.

უსუფაშვილის თქმით, ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

"გავეცანი თქვენს წერილს, რომელშიც მიუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელ გარემოებებზე და ითხოვთ მათ აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებას.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები.

ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ", - წერია პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო წერილში.

კომენტარები