რუსთავი 2-ის საქმე

საძაგლიშვილი: კიდევ ერთხელ დავაყენებთ მოსამართლე ურთმელიძის აცილების საკითხს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატები ხვალინდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დააყენებენ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხს. ამის შესახებ ტელეკომპანიის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ის რაც დღეს მოხდა საერთოდ ცდება ყოველგვარ სამართლებრივ სივრცეს გამომდინარე იქედან, რომ უკვე ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ მუქარებზე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შანტაჟზე გადავიდა ხელისუფლება. 

"დღეს მოხდა ის რომ ხელისუფლება რეალურად გავიდა აქამდე ვითომ და სამართლებრივი სივრციდან. კერძოდ აქამდე ცდილობდა, რომ სასამართლოს შენობაში მოსამართლე ურთმელიძის პირით გავრცელებულიყო ის პოზიცია, რაც, რეალურად შემუშავებული იყო სხვა ოთახებში და სხვა თანამდებობის პირების მიერ, კერძოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ან საერთოდ ფორმალურად თანამდებობის არ მქონე პირების მიერ. დღეს მოხდა ისეთი რამ რაც უკვე საერთოდ ცდება ყოველგვარ სამართლებრივ სივრცეს გამომდინარე იქედან, რომ უკვე ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ მუქარებზე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შანტაჟზე გადავიდა ხელისუფლება. ცხადია ამ გარემოებას გამოვიყენებთ ჩვენ სასამართლო პროცესზე და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რუსთავი 2-ს ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვის საშუალება. იმ პირობებში როდესაც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ არამხოლოდ მოსამართლე ურთმელიძე, არამედ სპეციალური სამსახურების მთელი შემადგენლობა არის მობილიზებული და გარკვეული ნაწილი მისი დირექტორის შანტაჟით არის დაკავებული, ცხადია, ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულყოფილად დავიცვათ ჩვენი პოზიცია. ამიტომ ეს ერთი ფაქტი ნამდვილად იქნება ჩვენი პოზიციის შემადგენელი ნაწილი, რაც შეეხება სხვა გარემოებებს ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებთ მოსამართლე ურთმელიძის აცილების საკითხს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გვაქვს ახალი გარემოებები და მემგონი უკვე არავისთვის გარდა ურთმელიძისა, ფორმალურად ქიბარ ხალვაშისა და მისი წარმომადგნელებისა არ არის ეჭვს მიღმა, რომ მოსამართლე ურთმელიძე არის მიკერძოებული და ელემენტარული მტკიცებულებების წარდგენის საშუალებას არ გვაძლევს."-განაცხადა საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ პროცესის მიმდინარეობა არანაირ სამართლებრივ ნორმებში არ ჯდება, რთულია იმის წინასწარმეტყველება თუ როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ.

"გამომდინარე იქედან, რომ მოვლენები ამ პროცესთან დაკავშირებით ვითარდება ძალიან დაუგეგმავად და ყოველ წუთს ხდება ისეთი რაღაცები რისი წინასწარმეტყველებაც შეუძლებელია. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ 10 საათამდე კიდევ გამოვლინდეს რაიმე ისეთი გარემოება, რისი დაყენების საშუალებაც მოგვეცემა სასამართლო პროცესზე. ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება დაფიქსირდა დღეს. ჩვენს მოლოდინებს და პროგნოზებს რაც შეეხება გამომდინარე იქედან, რომ დღემდე სასამართლოს არცერთი ქმედება და არცერთი გადაწყვეტილება არანაირი ლოგიკის და სამართლებრივი ნორმების ფარგლებში არ ჯდებოდა, შესაბამისად რთულია ვივარაუდოთ და ვიწინასწარმეტყველოთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ან საერთოდ როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ სასამართლო დარბაზში."-ამბობს საძაგლიშვილი.

კომენტარები