კურილის კონფლიქტი

რუსეთი კურილის კუნძულების სამხედრო ბაზას აძლიერებს - იაპონია შეშფოთებულია

0 კომენტარი
ფოტო: BBC

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ კურილის კუნძულებზე განთავსებული სამხედრო ბაზა ოთხ არქტიკულ ბაზასთან ერთად გაძლიერდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "კურილის კონფლიქტმა" რუსეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობა დაძაბა.

ივლისში შოიგუ აცხადებდა, რომ კუნაშირში და იტურუპში, კურილის კუნძულების ორ მთავარ კუნძულზე 2 გარნიზონს ააშენებდა. ეს კუნძულები იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილის მთავარ კუნძულ ჰოკაიდოსთან ახლოს მდებარეობს. აგვისტოში იაპონელები აპროტესტებდნენ რუსეთის პრემიერიმინისტრ დმიტრი მედვედევის ვიზიტს კუნაშირსა და იტურუპზე.

კურილის კუნძულებს იაპონიაში ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ 1945 წელს, ცოტა ხნით ადრე, სანამ იაპონია მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაციას გამოაცხადებდა, რუსეთმა მიითვისა კურილის კუნძულები.

TV Zvezda-სთან საუბრისას სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურაც, ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისათვის გაიხსნება კინოთეატრები, ჰოსპიტლები, დაიგება ახალი გზები და აშენდება თანამედროვე სახლები. იტურუპში გაიხსნება აეროპორტი.

რუსული საინფორმაციო Gazeta.ru კი აცხადებს, რომ მთავარი ე.წ. სამხედრო გაძლიერებაში ისაა, რომ კუნძულებზე უკვე შეყვანილია 3500-კაციანი, მეთვრამეტე სატყვიამფრქვევო არტილერიის დივიზია, რომელიც აღჭურვილია T-80 ტიპის ტანკებითა და Buk M-1 ტიპის თვითმფრინავის ჩამომგდები სარაკეტო სისტემებით.

კუნძულებზე, ასევე, არის წყალქვეშა ნავის ბაზა, რასაც Gazeta.ru რუსეთისთვის ძალიან დამახასიათებელ ელემენტს უწოდებს. ამ ბაზებს შეუძლიათ, თავი დაიცვან ოხოტის ზღვაში შემოსული უცხოური წყალქვეშა ნავებისგან.

მშენებარე ბაზებიდან, ყველაზე დიდი ბაზა ნოვოსიბირსკის არქიპელაგში მდებარე კუნძულ კოტელნიზე შენდება. შოიგუს თქმით, ეს ბაზა იქნება საბჭოთა რეგიონში არსებულ ყველა ბაზაზე უფრო დიდი. დანარჩენი ბაზები ასევე შენდება ვრანგელის კუნძულზე და ჩუკოტკის აღმოსალეთ სანაპიროზე. მინისტრის განცხადებით, 6 არქტიკული აეროდრომის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, MiG-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები ტიკსის და ანადირის აეროდრომებზე განთავსდება.

რუსეთის სამხედრო ამბიციებზე შეშფოთებას გამოთქვამენ იაპონიაში. ოფიციალური ტოკიო რუსეთის ინიციატივას აპროტესტებს. იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ სადავო ტერიტორიაზე ბაზის აშენების გეგმა რეალურია, ეს საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, რასაც ტოკიო არ დაუშვებს. იაპონიაში ამ ინიციატივას სუვერენიტეტის დარღვევად აფასებენ. ტოკიო მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას ელოდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები