გიგა ბოკერიას დაკითხვა

გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა

ტაბულა

ენმ-ის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. მას ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ.

"როგორც თვითონ განაცხადეს ბრიფინგზე, ეს ყველაფერი შეეხება იმ ბოდვას, რომელიც ვიხილეთ ერთ-ერთ პორტალზე, რომელიც ცნობილია თავის კავშირებით ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ამ ბოდვაზე და აბსურდზე ახარჯინებენ დროს კონტრდაზვერვას, მაშინ, როდესაც ჩვენ რეალური გამოწვევები გვაქვს და მე არ მეგულება არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ამ საკითხს", - თქვა ბოკერიამ დაკითხვის დასრულების შემდეგ.

ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტს" უკავშირდება, რის საფუძველზეც დღეს სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება დაიწყეს. საიტი გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობს.

ბლოგმა გაავრცელა თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას "საუბრის სტენოგრამა" სათაურით "სააკაშვილი საქართველოში სახელწმიფო გადატრიალებას ამზადებს" საიტის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას შორის საუბარი სტამბულში ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე შედგა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულების ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.

ბლოგმა wikileaks.center-მა ზაფხულის მანძილზე თითქოსდა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი დიალოგების სტენოგრამები რამდენჯერმე გაავრცელა. ერთ-ერთი საუბრის მიხედვით, სააკაშვილი ორგანოებით ვაჭრობაშიც არის ჩართული. wikileaks.center-ი სოროსის ფონდის საქმიანობაზეც ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, უკრაინაში ნარკომაფიის საქმიანობა სოროსის ფონდთან არის დაკავშირებული.

უცნობია, თუ რატომ შეიძლება ჩათვალოს კონტრდაზვერვის სამსახურმა საიტი სახელწმიფო გადატრიალებისა და შეთქმულების შესახებ გამოძიების დასაწყებად სანდო წყაროდ.

კომენტარები