ჰელოუინი

საპატრიარქო: ჰელოუინთან დაკავშირებით მმკ-ს სულისკვეთებას ვერ გავიზიარებთ

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. საპატრიარქოს განცხადებით, არ იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რაც აქციის მონაწილეებმა ჰელოუინთან დაკავშირებით დააფიქსირეს.

"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ა.წ. 28 ოქტომბერს სასულიერო და საერო პირების ერთმა ნაწილმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. შევნიშნავთ, რომ ამ ქმედების შესახებ საქართველოს საპატრიარქო საერთოდ არ იყო ინფორმირებული; ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გუშინ, სასულიერო პირებმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებთან ერთად, განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს სახელწოდებით "ჰელოუინი დემონიზმი და ოკულტურობაა". მათ განათლების სამინისტროსგან ამ დღის აღნიშვნის აკრძალვა მოითხოვეს.

განათლების სამინისტროსთვის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოთხოვნა ჰელოუინის შესახებ გაუგებარია.

"სრულიად გაუგებარია სამინისტროს ჩართვა ასეთ თემებში. ეს არის სახელმწიფო დაწესებულება და სამინისტრო არავის მოუწოდებს გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ვერც ჩვენ და ვერც ეს ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა რადიკალური შეხედულებებით, რაც ხშირად და ამ შემთხვევაშიც დაშორებულია რეალობას, ვერ უკარნახებს ადამიანებს, იზეიმონ თუ არა ჰელოუინი", - უთხრეს ნეტგაზეთს სამინისტროს პრესსამსახურში.

კომენტარები